რესპუბლიკის მთავრობა კრიმინალთან ბრძოლას აძლიერებს
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 18 ნოემბერი, N261
შინაგან საქმეთა სამინისტროში
აჯანყების ხელმძღვანელთა დახვრეტა
აჯანყებაში მონაწილეობის და ხელმძღვანელობისათვის საველე სასამართლომ დუშეთის მაზრაში დახვრეტა გადაუწყვიტა ხუთს, გორის მაზრაში – შვიდს. ყველა დახვრიტეს.
თათბირი ყაჩაღობასთან ბრძოლის შესახებ
ამ დღეებში განსაკუთრებული თათბირი მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით და რაიონის კომისრებისა და მილიციის უფროსების მონაწილეობის ყაჩაღობასთან ბრძოლის შესახებ. თათბირზე გამოირკვა, რომ რესპუბლიკის ზოგ კუთხეში მცხოვრებნი ყაჩაღთა ტერორის ქვეშ იმყოფებიან, რადგან ხშირად საკმაო ფორმალურ საბუთთან უქონლობის გამო ყაჩაღებს საპატიმროდან ანთავისუფლებენ. გამოირკვა აგრეთვე, რომ გამომძიებელთა სიმცირის გამო, უკანასკნელნი საქმეს ვერ აუდიან. დასასრულს თათბირმა დაისახა მთელი რიგი ზომებისა ყაჩაღობასთან საბრძოლველად.
ყაჩაღობა ნეიტრალურ ზონაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყებენ, რომ ნეიტრალურ ზონაში ბოლო დროს ფეხი მოიკიდა ყაჩაღთა ბრბომ, რომელსაც მეთაურობს ვინმე „ქორაქი“. ეს ბრბო სისტემატიურად თავს ესხმის მოსაზღვრე სოფლებს, გზებზე აყენებს მცხოვრებლებს და სძარცვავენ.
იარაღის ნებართვის მიცემის შემცირება
იარაღის ნებართვის ახალი წესის შემოღების შემდეგ, ბოლო დროს ძალიან შემცირდა იარაღის სატარებლად ნებართვის მიცემა.