ლომჯარია პარლამენტის პიკეტირებაზე პასუხისმგებელობას ოცნების დეპუტატებს აკისრებს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ეხმაურება, ამბობს, რომ ეს კანონიერი არ არის, თუმცა ომბუდსმენი ამ „უკანონობაზე“ პასუხისმგებლად იმ დეპუტატებს მიიჩნევს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპროციულ სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
„უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში“, – წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ პოსტში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზის სწორედ მაჟორტარული სისტემა ქმნის და ამის დასტური დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიაა. მისივე თქმით, თუკი მაჟორიტარ დეპუტატებს თვითმმართველობის პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის აქამდე რეფორმა უნდა გაეტარებინათ.
„სწორედ იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“, – წერს ნინო ლომჯარია.
მოგვიანებით აქციის ორგანიზატორების ნაწილმა და აქტივისტებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ ყველა კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ადგილზე კარვები გაშალეს და ბარიკადები მოაწყეს. ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)