საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია 18 ნოემბერს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „მწვავედ დაისვა ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროვოკაციული პროცესები“. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე, რომელსაც ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, „ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის“.
დარსალია ასევე შეეხო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ცხინვალის საავადმყოფოში დაგვიანებული გადაყვანის გამო დაიღუპა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მარტიაშვილის დაღუპვა „ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.
მისი თქმით, კიდევ ერთი ქალბატონს ახალგორიდან, თამარ გიგაურს, უარი ეთქვა თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანაზე. დარსალიამ განაცხადა, რომ გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა „სრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს“.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების „უკანონო და დესტრუქციულ“ ქმედებებს გაუსვა ხაზი; ამას გარდა, „საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამწვავების კონტექსტში“.
მანამდე გუშინ, ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე აშშ-ის წარმომადგენელს, ენდრიუ შოფერს შეხვდა.
19 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც გამართეს შეხვედრები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)