თამარ ჩუგოშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ თანამდებობისა და უმრავლესობის დატოვების შემდეგ
თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ მმართველი პარტია, საპარლამენტო უმრავლესობა და პირველი ვიცე-სპიკერის პოზიცია პროტესტის ნიშნად დატოვა, „ტელეკომპანია პირველთან“ წუხელ ვრცლად ისაუბრა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნაზე, მისგან გამოწვეულ შედეგებსა და პროგნოზებზე.
ჩუგოშვილმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას „გაშვებული შანსი და შესაძლებლობა“ უწოდა და თქვა, რომ „გადაწყვეტილება [ცვლილების ჩაგდებაზე] დამაზიანებელი და არასწორი“ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობების დატოვება და გუნდიდან წამოსვლა ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება შიდა პოლიტიკურ პროცესს დააზიანებს და ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პროცესის რადიკალიზებას:
„ეს შედეგი არის დამაზიანებელი შიდა პოლიტიკური პროცესებისათვის, ეს შედეგი არის დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯისათვის და ეს პროცესი არის სათავის დამდები ცუდი პროცესებისათვის… მე მაქვს ძალიან ცუდი კამპანიის მოლოდინი, პოლარიზებულის, ყველას მხრიდან, ახლა ყველას მხრიდან ინტერესი არის რადიკალიზება, ახლა ყველას ინტერესი არის შავი კამპანიების წარმოება“.
თუმცა პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს არჩევნების შემდგომი პერიოდისადმიც პესიმისტური მოლოდინი აქვს. მისი თქმით, „როგორც კი არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები. იმიტომ, რომ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ძალაში შევა პროპორციული სისტემა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დარჩება თამაშს მიღმა, ან პარლამენტში არაპროპორციულად იქნება წარმოდგენილი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები. მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით ჩვენ, წლების განმავლობაში“.
ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული შერეული სისტემა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური პროცესიდან რიყავს და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:
„შერეულმა სისტემამ რაღაც წლები იმუშავა, მაგრამ აღარ მუშაობს უკვე. როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც პროცენტი და ეს ამომრჩევლების ნახევარიც კი არ არის ამომრჩევლების და ის საპარლამენტო ადგილების უდიდეს უმრავლესობას იღებს, 100-120 ადგილს და ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს მისი, როგორც დასავლეთთან მოლაპარაკე წამყვანი პოლიტიკოსის წამოსვლა მმართველი გუნდიდან ამ უკანასკნელის მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას, თამარ ჩუგოშვილმა ასე უპასუხა:
„ძალიან დიდი ამბიციები უნდა მქონდეს რომ გითხრათ, რომ ჩემზე ან რომელიმე კოლეგაზე იყო დამოკიდებული ქვეყნის საგარეო კურსი. ჩემი ერთ-ერთი მთავარი როლი, რაც იყო… და პრინციპში, ეს ახლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, ესაა, როგორია ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, როგორ ჩანს ქვეყანა საერთო პარტნიორებთან, რადგან ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანია. ქვეყანა საგარეო კურსს არათუ ჩემი წასვლით და მოსვლით ვერ შეიცვლის, არამედ ეს, ხელისუფლების წასვლით და მოსვლითაც კი შეიძლება ვერ შეიცვალოს, ეს იმხელა მოვლენაა“.
ჩუგოშვილმა პარტიის შექმნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამას არ აპირებს, „რადგან ეს მარტივი ამბავი არ არის, უამრავი რესურსი სჭირდება“. თუმცა ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ მის მსგავსად მმართველი გუნდიდან წამოსულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე ფიქრობს. „ვაპირებთ იმას, რომ ეს ვადა სანამ ამოიწურება, ჩვენს საქმიანობას ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი და ვფიქრობთ ფრაქციის შექმნაზე“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა მუშაობა განაახლა –
- –
- –
- ივანიშვილი „იმედგაცრუებულია“ ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივის ჩავარდნის გამო –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)