ზალკალიანი ცხინვალიდან ქართველი ექიმის „შემჭიდროვებულ ვადებში“ გათავისუფლებას იმედოვნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 19 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკურისიების თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ცხინვალის მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესი „ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება“.
ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც თანათავმჯდომარეების მიერ ცხინვალში იმავე დღეს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ჩატარდა, „დეტალურად განიხილეს“ ქართველი ექიმის მდგომარეობა, ისაუბრეს „განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე“, ასევე დაგეგმეს „ერთობლივი ნაბიჯები“, რომელიც „უნდა გადაიდგას ყველა საერთაშორისო მექანიზმის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით“.
„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცხინვალის პოზიცია
გუშინვე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.
კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში „სპეციალურად ჩავიდა“, საიდანც „სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სახელმწიფო საზღვარი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიდამოებში „უკანონოდ გადაკვეთა“.
მათივე მტკიცებით, გაფრინდაშვილი „საქართველოს შეიარღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია“ და, სამხედრო ექიმის სტატუსით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა, თუმცა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა.
ცხინვალის განცხადებით, „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ნოემბრის დასაწყისიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 40-მდე პირი დააკავა. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებული შემთხვევები“ უკავშირდება თბილისის მიერ სოფელ წნელისთან „უკანონო“ საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას, და წარმოადგენს „ერთიანი ჰიბრიდული ოპერაციის“ ელემენტებს, რომელიც მიმართულია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ცნების განადგურებისა“ და „2008 წლის აგვისტოს პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.
ცხინვალის განცხადებით, „გაფრინდაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი გაცემული იქნება მხოლოდ სამართლებრივ სიბრტყეში“ და მიმართული იქნება „ესკალაციის დაუშვებლობასა“ და „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე“.
ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორაციით, დაკავებულ ექიმს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.
18 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ქართველ ექიმს ოჯახის წერილი გადაეცა, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.
ასევე წაიკითხეთ:
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა –
- წითელი ჯვრის კომიტეტმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა –
- ციხელაშვილის თქმით, ქართველ ექიმს „უახლოეს დღეებში“ გაათავისუფლებენ –
- საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში ქართველი ექიმის დაკავებას ეხმაურება –
- პრეზიდენტი ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)