სასამართლომ გიორგი რურუას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამრთლომ, 20 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის ნიკა რურუას ძმას გიორგი რურუას, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, ტელეკომპანიის წილების საკონტროლო პაკეტს (51%) არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფლობს. 42%-ს კახაბერ ანჯაფარიძე, 2.5-2.5%-ებს გიორგი რურუა და მისივე ძმიშვილი, მარი ანა რურუა ინაწილებენ, 2% კი – შპს საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაა, რომლის 50%-საც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა და ბიძა, გიული და ნიკოლოზ ალასანიები ფლობენ.
სამართალდამცავებმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. იგი მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ რურუას იარაღი დაკავებისას ჩაუდეს.
გვარამიას შეფასებით, გიორგი რურუას დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „მთავარ არხთან მისი ურთიერთობის შეჩერებაა“. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი რურუას დაკავების კიდევ ერთ მიზეზად მის მიერ თბილისში მიმდიანრე საპროტესტო აქციების ფინანსურ მხარდაჭერასაც ასახელებს. გვარამია სამომავლოდ რურუასთვის არც ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.
გიორგი რურუას კიდევ ერთი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით კი, „სამწუხაროდ“, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „მიუკერძოებული სასამართლო ამ ქვეყანაში“ არ არსებობს. „საბოლოო ჯამში, ეს არის გარყვნილი სისტემა, სადაც სისტემის სამივე მხარე, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო არის დანაშაულის ჩამდენი და პოლიტიკური ნების აღმსრულებელი“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)