საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც 21 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა, თავის ფრანგ კოლეგასთან, კრისტოფ კასტანერთან პოლიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, მინისტრმა გომელაურმა მადლობა გადაუხადა თავის ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
„ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ დავკარგოთ“, – განაცხადა მინისტრმა გომელაურმა. მისი თქმით, საქართველო და საფრანგეთი უკანონო მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით თანამშრომლობენ.
თავის მხრივ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად რიგი საერთო გამოწვევებისა, განსაკუთრებით არარეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მათ ძალისხმევას შედეგი მოაქვს.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/05/2019 – საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა დანაშაულის და უკანონო მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს
- 11/12/2018 – საფრანგეთში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)