აბაშიძე და კარასინი პრაღაში მოლაპარაკებისთვის ემზადებიან
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი, რომელიც სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა, თუმცა თბილისთან დიალოგის წარმოების უფლებამოსილება შეინარჩუნა, 28 ნოემბერს პრაღაში მოლაპარაკებას გამართავენ.
- ლავროვი: ზალკალიანთან შეხვედრა მისივე თხოვნით გაიმართა
- კარასინი, თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აფასებს
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე, „უპირველეს ყოვლისა“ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. „ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, არამედ აბსოლუტურად არაადამიანური საქციელი“, – განაცხადა დღეს ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ „რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი“. „გარწმუნებთ, ყველაფერი კეთდება ამისათვის“, – აღნიშნა მან.
კარასინის პოზიცია
პრაღის შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებ კომენტარი გრიგორი კარასინმაც გააკეთა. რუსული სააგენტო „სპუტნიკისთვის“ 25 ნოემბერს მიცემულ ინტევიუში, მან აღნიშნა, რომ მოსკოვში „ყურადღებით აკვირდებიან“ ამ „რთულ საკითხს“ და მისი სწრაფად მოგვარების იმედი აქვთ. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელთა თანათავმჯდომარეებიც ცოტა ხნის წინს ცხინვალსა და თბილისს სტუმრობდნენ.
კარასინის თქმით, აბაშიძესთან შეხვედრაზე, „პირველ რიგში“ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტის სფეროში შექმნილი ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, მათ შორის, სპორტული კავშირების გაღრმავება განიხილება. მისივე ინფორმაციით, მომლაპარაკებელთა შორის რუსეთის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები იქნებიან.
„ჩვენ ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის, რათა დავადასტუროთ ორმხრივი მზადყოფნა, რომ განვავითაროთ რუსულ-ქართული ურთიერთობები, ვიმოძრაოთ წინ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ“, – აღნიშნა კარასინმა.
კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან შეწყვეტილი, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, „ნაადრევია“ იმაზე გადაჭრით საუბარი, რომ ფრენები 2019 წლის ბოლომდე აღდგება. „ავიამიმოსვლის აღსადგენად საჭირო იქნება ერთობლივი მუშაობა. პირველ რიგში, ეს ეხება ატმოსფეროს გაჯანსაღებას, ასევე ივნისის მსგავსი ანტირუსული, პროვოკაციული განცხადებების შეწყვეტას, რომლითაც ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თავი გამოიჩინა“, – თქვა მან და დასძინა, რომ ავიამიმოსლის საკითხის განხილვა გაგრძელდება.
კარასინმა კომენტარი აბაშიძესთან მოლაპარაკების ფორმატზეც გააკეთა და, ზოგადად, რუსეთ-საქართველოს შორის „კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზეც“ ისაუბრა.
მისი თქმით, მოლარაპაკების ფორმატი „არაფორმალურია“ და მასში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საზოგადო მოღვაწეები და პარლამენტის წევრები ჩაერთონ, თუმცა, „მთავარ საფრთხეს ამ ფორმატის პოლიტიზება წარმოადგენს“. კარასინის განცხადებით, ეს ფორმატი „ორმხრივი ურთიერთობების სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს უნდა წყვეტდეს“, ამიტომ, მისივე თქმით, „ასეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში“, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს „ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი“ ჰქონდეთ.
კარასინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის „კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“ ხელს „ჭარბი ემოციურობა, დაუფიქრებელი და უხეში განცხადებები უშლის, რომლებსაც ჩიხში შევყავართ“. „თუ მომავალში მსგავს ვნებათაღელვას თავს ავარიდებთ, მაშინ მოძრაობა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ტემპს მოიკრებს. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ“, – აღნიშნა კარასინმა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ „შორს არაა ის დრო“, როდესაც ორ ქვეყანას შორის ამგვარი ურთიერთობები დამყარდება.
თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.
ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ქვეყნის მეორე პირის სავარძლის დაკავების გამო დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის პასუხად, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუს დეპუტატებს თბილისის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.
რუსი დეპუტატების დელეგაციის გაძევების პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურისტების გადაყვანისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.
2019 წლის 26 სექტემბერს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტიდან პირველად, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა, ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას მიესალმნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/06/2019 – აბაშიძემ და კარასინმა სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
28/02/2019 აბაშიძემ და კარასინმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატოზე ისაუბრეს
02/10/2018 პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატების მორიგი შეგვხედრა გაიმართა
25/05/2018 პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)