„ლელომ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „შენების მოძრაობამ“ საკონსულტაციო პლატფორმა შექმნეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“ და „შენების მოძრაობის“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა ახალი საკონსულტაციო პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადეს და იქვე დასძინეს, რომ „არსებულ საერთო ოპოზიციურ ფორმატში აქტიურ ბრძოლას“ აგრძელებენ.
დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივი განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვით ქვეყანაში არსებული „უმძიმესი კრიზის არის ის გამოწვევა“, რომელზეც „პასუხისმგებლობა ყველა ჯანსაღმა და საკუთარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა და პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს“.
„ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. მოგიწოდებთ ყველას დავიწყოთ აქტიური დიალოგი ამ იდეის ირგვლივ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „დღეს ჩვენი ერთად დაწყობა საკონსულტაციო, საკოორდინაციო რეჟიმში განაპირობა იმ საფრთხემ, რომელიც ქვეყანას ემუქრება“.
„ჩვენ გვაერთიანებს ამ შემთხვევაში ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები და თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დროს, იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება იმ ხალხს, იმ ძალებს, ხელისუფლებას ვისთვისაც ძალაუფლება იქცა თვითმიზნად და მზად არის შესწიროს ყველა და ყველაფერი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ პლატფორმის მიზანია იმ ადამიანების სურვილის გათვალისწინება, რომლებიც „დაიღალნენ ამ ბოლო 9 პლუს 8 წლის ისტორიით და ურთიერთდაპირისპირებით და უპერსპექტივობით“.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცესში ამ გაერთიანებაში შემავალი ძალები შესაძლოა პარტნიორებად ან კონკურენტებად ჩამოყალიბდნენ, ან ითანამშრომლონ მომავალ პარლამენტში.
„ჩვენ შესაძლოა მომავალ არჩევნებში გვიხილოთ პარტნიორებად ერთ პოლიტიკურ გუნდში, შესაძლოა გვიხილოთ კონკურენტებად, მაგრამ აი ამ საკითხში – ევროპული თავისუფალი საქართველოსთვის მომავლის უზრუნველყოფა, ამ ორპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა ეს არის ჩვენი საერთო საქმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ისინი დაინტერესებული და ღია არიან ასეთივე „თანასწორ, პარიტეტულ საწყისებზე მუშაობა სხვა ორგანიზებულ გუნდებთან, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ან ინდივიდებთან გააგრძელონ.
„ჩვენ წარმოვადგენთ იმ ხედვას და იმ პროგრამას, რომელიც იქნება განსხვავებული, იქნება სხვა გზა და ეს გზა იქნება ქვეყნის გამარჯვებაზე, სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე ორიენტირებული“, – განაცხადა ხაზარაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)