ცხინვალმა კიდევ ერთ უკანონოდ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ დღეს საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ხელჩუასთან საქართველოს მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 51 წლის გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისა და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.
ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის სასამართლომ მას დღესვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე სააგენტოს თანახმად, ბესტაევი წარსულში არაერთხელ დაუკავებიათ მსგავსი სამართალდარღვევისათვის და სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიუციათ. ამავე ინფორმაციით, ბესტაევს ჩხრეკისას 9 გრამი მცენარეული ნივთიერება აღმოაჩნდა. ცხინვალის მტკიცებით, ექსპერტიზით დადგინა, რომ ეს ნივთიერება მარიხუანა იყო.
- არასამთავრობოები ცხინვალში „ჰუმანიტარული კრიზისის“ გამო ევროპის საბჭოს მიმართავენ
- Amnesty International-ი ცხინვალს გამშვები პუნქტების გახსნისა და ქართველი ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
როგორც წესი, ცხინვალი საოკუპაციო ხაზის კვეთისას დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აძლევს და, რამდენიმედღიანი დაკავების შემდეგ, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებს, თუმცა, ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საოკუპაზიო ხაზზე დაკავებულ პირს სისხლის სამართლის წესით აკავებს და ორთვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებს.
15 ნოემბერს, ცხინვალმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც საოკუპაციო ხაზზე 9 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს.
ბესტაევის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)