მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თითქმის ექვსსაათიანი შეხვედრა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ და რომლის მიზანიც საარჩევნო სისტემის ცვლილების გარშემო კონსენსუსის მიღწევა იყო, უშედეგოდ დასრულდა.
მათი განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელით, კონსტიტუციაში შენარჩუნდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა, რომელიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატის – პროპორციული სისტემით, ხოლო 73-ის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან არჩევას ითვალისწინებს, თუმცა, საარჩევნო კოდექსის ცვლილების შედეგად, საპარლამენტო მანდატები აღარ განაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით პარტიების მიერ მიღებული შედეგის დაჯამებით, და პოლიტიკური ძალა პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობის დეპუტატებს შეიყვანს, რაც პროპორციული არჩევნებით მიღწეულ შედეგს შეესაბამება.
შეხვედრა, სასტუმრო „ბილტმორში“ ზუსტად 10 საათზე დაიწყო და მას მმართველი გუნდის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ბერაია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ წარმოდგენილები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ასევე პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარე – შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ტრადიოციონალისტთა კავიშირის ლიდერი აკაკი ასათიანი.
შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი, მათ შორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ვენეციის კომისიის აღმასრულებელი მდივანი თომას მარკერტი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე განწყობები
განცხადებებიდან, რომლებიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყების წინ გააკეთეს, უკვე ნათელი იყო, რომ ოცნება პოზიციების დათმობას არ აპირებდა.
„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია შევთვაზოთ, რომ, მაგალითად, დარჩნენ ქუჩაში. თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან, პოლიტიკურად ჩვენ ეს უფრო მეტად გვაწყობს იმიტომ, რომ ისინი განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უფრო კონსტრუქციული იყო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი ოპოზიციის არგუმენტებს მოისმენდნენ, რაც მისივე შეფასებით, მოვლენების „ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას“ შეუწყობს ხელს.
შეხვედრისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი ოპოზიციური სპექტრიც.
„ბევრი მოლოდინი მაქვს-მეთქი, ნამდვილად არ ვიტყვი“, – აღნიშნა ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების მოლოდინები – ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრდების შესახებ – გამართლდება, რაც მისივე შეფასებით, „უპირველეს ყოვლისა, დიალოგს და კომპრომისს ითვალისწნებს“.
დათმობაზე წასვლას რომ არც ოპოზცია აპირებდა, ეს ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამაც აღნიშნა და თქვა, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ეს საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლა და ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნებოდა.
პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანის იმედი გამოთქვა შეხვედრაზე მისულმა დემოკრატიული მოძრაობა-ერთანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და იქვე დასძინა, რომ არჩევნების სამართლიანის სისტემით ჩატარებისთვის ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს.
მოლაპარაკებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პარლამენტის კიდევ ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. „ხელისუფლება ამბობდა, რომ მოლაპარაკებების კარი დაკეტილია და კარგია, რომ ეს კარი გაიღო და ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს კარი სწრაფად დაკეტოს იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას და ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მან შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრის შემდგომი განცხადებები
დაახლოებით ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კვლავ გერმანულ საარჩევნო სისტემის ანტიკონსტიტუციურობაზე მიუთითებდნენ მმართველი გუნდის წევრები. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან“.
„ეს იყო შეხვედრა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და ვენეციის კომისიის თანდასწრებით ჩვენ გაგვეცვალა არგუმენტები და გვეჩვენებინა ჩვენი პარტნორებისთვისაც, რომ გერმანული მოდელი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სხვანაირად მისი განხორციელება არ შეიძლება“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თარიღის 2020 წლისთვის ვერგადმოწევა, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას წყვეტს და დასძინა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ემზადება. მანვე მომავალში ოპოზიციასთან არც მსგავსი პოლიტიკური კონსულტაციები გამორიცხა.
გერმანულ მოდელთან მიმართბით იმავე აზრზე დარჩა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „ყველამ დაინახა რეალურად, რომ გერმანული მოდელი არის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„ჩვენი მხრიდან შეთავაზების გაკეთებას არ აქვს აზრი, ოპოზიცია არის ისეთ ვითარებაში, რომ მათ უნდა მოიფიქრონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, წინადებას დაველოდებით მათგან“, – აღნიშნა მან და იქვე განმარტა, რომ ოპოზიციის შეფასებას, თითქოს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, მმართველი გუნდი არ ეთანხმება.
გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას გაუსვა ხაზი შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმაც და თქვა, რომ „თემა დახურულია“, „ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“ და „საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“. მისივე თქმით, სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც მათ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში დაარწმუნებდა, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა.
საპირიპისირო განაცხადეს შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. ნაციონალური მოძრაობის წევრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მმართველი გუნდი შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და სტრატეგიული მოკავშირისგან განიცდიდა „განუწყვეტლივ პრესს“. მისივე თქმით, დღეს მმართველი გუნდი „არავითარ დიალოგზე“ არ წამოვიდა.
„[ოცნება] აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყო. არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ და კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და რომელსაც 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი… ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, სამწუხაროდ, თუ ამას მოინდომებს ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
საარჩევნო სისტემის რეფორმირების გარშემო დიალოგის გაგრძელების მომხრეა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია. მისი განმარტებით, ოპოზიცია მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს და იმის თქმის საშუალებას არ მისცემს, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ.
„წვალობენ საშინლად. ისინი იმსახურებენ პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ წვალებას პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით მანამ, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, მათ შორის, დაღვრილი სისხლით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შესახებ „დახურული კარის“ გახსნის მნიშვნელობას გასუვა ხაზი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და თქვა, რომ მიუხედავად მცდელობისა, ოპოზიცია ამ კარის დახურვას „აღარ დაუშვებს“.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის ანტიკონსტიტუციურობასთან მიმართებით ოცნების მხრიდან რაიმე „არსობრივი“ არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი არგუმენტის კიდევ უფრო გასამყარებლად, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგზავნის და შესაბამის რეკომანდაციებს დაელოდებიან.
ოპოზიციის არგუმენტების სიმყარეზე ისაუბრა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც და პარალელურად აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებისგან იმ რაგუმენტების მოსმენა, თუ რატომ არის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, მან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და არ ჩაიშალოს. ჩვენ მორალურად არ გვაქვს უფლება, რომ ახალგაზრდების მიერ მოპოვებული პროპორციული სისტემა, რომელიც მათ და მთელ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდა, ვერ მივიყვანოთ ბოლომდე“.
ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც გააკეთეს. მათ პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე შემდგარი დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და შეხვედრა „ნაყოფიერად“ შეაფასეს.
„ნაყოფიერი დიალოგი იყო. მისი გაგრძელების შესახებ შეთანხმება აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულ პროცესთან გვაქვს საქმე“, – უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა.
„დიალოგი შედგა, შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ და შევმთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
„ქვეყნის სამსახურში“ მოლაპარაკების ოცნებისეულ ფორმატს იწუნებს
მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრებმა და აღნიშნეს, რომ არსებული ფორმატი, რომელიც „არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში“.
მიუხედავად ამისა, მოძრაობაში აცხადებენ, რომ თუკი მინიმალური შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად, ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავა, მათ შემოთავაზებული ფორმატის “ობსტრუქციის მორალური უფლება“ არ აქვთ.
„მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად – პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად“, – აცხადებენ მოძრაობაში.
დიალოგში სამოქალაქო აქტივისტების ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ მოძრაობა „ლელოშიც“. „პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სირცხვილია“ (იგივე „ქვეყნის სამსახურში“ ), რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე. სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ფორმატთან მიმართებით სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკას დღეს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და თქვა, რომ მათ შეხვედრაზე საკუთარი წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძისა და გიგა ბოკერიას სახით ჰყავდათ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ეს იყო დიალოგი პოლიტიკურ პარიტებს შორის, შესაბამისად, მას სამოქალაქო აქტივისტების ვერ დაესწრებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)