სამოქალაქო პროტესტის პარალელურად ოცნების მხარდამჭერებიც გააქტიურდნენ
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სამოქალაქო და ოპოზიციური პროტესტის ფონზე, ბოლო რამდენიმე დღეა, მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც გააქტიურდნენ. ქართული ოცნების მომხრეები ყველა იმ ადგილას ჩნდებიან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები მმართველი გუნდის დეპუტატთა მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. ქართული ოცნების მხარდამჭერები მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან.
ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის გუშინ საღამოს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მოხდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები მათ წინააღმდეგ მანამდე რამდენიმე საათით ადრე მცხეთაში მომხდარი ძალადობის ფაქტის გასაპროტესტებლად მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მცხეთაში მათ ფიზიკურად ქართული ოცნების „დაქირავებული ზონდერები“ გაუსწორდნენ.
სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „რამდენს ბედავთ?!“, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. მალევე ადგილზე, ოცნების მხარდამჭერები გამოჩნდნენ და აქციის მონაწილეებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენება დაიწყეს.
მცხეთაში ჩასულ აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დახვდნენ მობილიზებულები, მათ შორის იყვნენ, საჯარო მოხელეებიც, რომლებმაც აქტივისტებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიღებული დაზიანებების გამო, ორი სამოქალაქო აქტივისტის ჰოსპიტალიზებაც გახდა საჭირო. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მცხეთაში მომხდარის ინციდენტის დროს, სულ 7 ადამიანი დააკავეს, მათგან ოცნების სამი მხარდამჭერი. ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე მალევე გათავისუფლდა.
გუშინ საღამოს, თბილისში, ქართული ოცნების ცეტრალურ ოფისთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ოცნების მხარდამჭერები აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მათ ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ყოფილი ხელისუფლების დაბრუნებას არ დაუშვებენ. ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ვაჟიც, რომელიც ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.
ოცნების ოფისთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მიუხედავად აშკარა ძალადობისა, პოლიცია მოძალადეებს არ აკავებდა და, დაძაბულობის განსამუხტად, არც შემთხვევის ადგილიდან გაჰყავდა.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
მცხეთასა და თბილისში 2 დეკმებერს მომხდარ დაპირისპირებას წინ ოცნების მხარდამჭერების მიერ ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისთან, გასულ პარასკევსა და შაბათს გამართული აქციები უძღოდა. ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიის ოფისთან საპროტესტო ტრანსფარანტებით მივიდნენ და „დემიშიზაციის“ პროცესის დაწყებას ითხოვდნენ. მათ პარტიის ოფისს კვერცხები, საღებავები და ცოცხებიც ესროლეს.
პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონტრაქციები ქართული ოცნების ორგანიზებით ხდება, რითაც მმართველი გუნდი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას ახალისებს. ოპოზიცია მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების… ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა“, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
იმავეს ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია და განმარტავს, რომ ივანიშვილი მორიგი გამოგონებით – „[ოცნების] აქტივისტებისა და კუნთმაგარი ბიძების“ გამოყენებით პროტესტის ჩაშლასა და დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს. „ჩვენ არც დაპირისპირებასა და [არც] ძალადობაში ჩავერთვებით. ამ გზით ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაახშობს პროტესტს, ამ გზით ემხობიან ხელისუფლებები“, – აცხადებს იგი.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს მმართველი პარტია, რომელიც დაპირისპირების პროვოცირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, „სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს“.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ „ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია“. კალაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ხედავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ „არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს“. პრემიერი მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის ბრალეულობაზეც საუბრობს და ამბობს: „სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ქუჩაში ამ პოლიტიკურ და ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება დღეს ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ქვეყანა და ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა, მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“.
არსებული ვითარების სირთულეზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი აისახება ქვეყანასა და ხალხზე, იმიტომ, რომ რეალურად თითქმის ყველა უწყება არის გადასული იმაზე, რომ ყოველდღიური ასეთი დაპირისპირებები აღმოიფხვრას და დღეს არავის სცალია იმისთვის, რომ იფიქროს გრძელვადიან რეფორმებზე“, – აცხადებს იგი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)