პარიზში „ამილახვრის დიალოგის“ პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ჟან ივ ლე დრიანმა 2 ნოემბერს პარიზში „ამილახვრის დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გამართეს.
თავის შესავალ სიტყვაში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთთან განვითარებული ურთიერთობები „დღეს იმგვარად ტრანსფორმირდა, რომ ახალ დონეზე გადავიდა და განაპირობა სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება“.
„ეს პლატფორმა ქართულ და ფრანგულ მხარეებს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას განვიხილოთ საქართველო-საფრანგეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობა და განვსაზღვროთ სამომავლო პერსპექტივები პოლიტიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური თუ განათლების და კულტურის სფეროებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის ძლიერ, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, ასევე მის წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებაში.
თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საგუშაგოების მშენებლობაზე, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, უკანონო დაკავებებზე, ეთნიკურ წმენდაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტებზე.
თავის ფრანგ კოლეგასთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე, ზალკალიანმა რუსული ოკუპაციის ჰუმანიტარულ შედეგებზე ისაუბრა, მათ შორის ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალში დაკავებასაც შეეხო.
ზალკალიანის თქმით, ჟან ივ ლე დრიანმა უთხრა მას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლარიმირ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და რომ „ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება“.
პარიზში ზალკალიანი ასევე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს ემანუელ ბონს. მხარეებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)