ეუთოში მეგობართა ჯგუფი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის გამო შეშფოთებულია
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, 5 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდებს რუსეთს, რომ გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „ე.წ. დამოუკიდებლობა“.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის 11 წლის თავზე, ჩვენ კვლავ ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამო“, – განაცხადა ჯგუფმა და დაგმო „რუსეთის, ასევე სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების მიერ განხორციელებული ინტენსიური პროვოკაციები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოების მცდელობა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანას მახლობლად საგუშაგოების მშენებლობა“.
„ასევე შეშფოთებულები ვართ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში, ატოცსა და გუგუტიანთკარში მავთულხლართების და სხვა ხელოვნული ბარიერების აღმართვის და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო. ამგვარმა ქმედებებმა ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია და უარყოფითი გავლენა მოახდინა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხშირ რუსულ წვრთნებსა და მილიტარიზაციაზე; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე; ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის წამებაზე, დევნილთა სახლების განადგურებაზე; გადაადგილებაზე, ცხოვრებასა და ქონებაზე არასათანადო შეზღუდვებაზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებებსა და მკვლელობებზე.
განცხადების თანახმად, ახალგორელი მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, „რომელსაც გამშვები პუნქტების დახურვის გამო არ მიეცა შესაძლებლობა, რომ სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარება მიეღო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მძიმე შედეგების კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითია“.
განცხადება ასევე გამოხატავს შეშფოთებას ცხინვალში ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და მისი „დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებს. ჯგუფის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების დაკავება ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშოროების სამსახურის წარმომადგენლების მიერ და მათი მუშაობის შეფერხების ნებისმიერი მცდელობა შეიძლება შეფასდეს, როგორც „ადგილზე მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია და აშკარა მცდელობა“.
აღნიშნეს რა, რომ „განაგრძობენ ინფორმაციის მიღებას კონფლიქტის და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რუსეთს მოსთხოვენ ვალდებულებების შესრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭერენ მხარს“, ჯგუფმა მოუწოდა „ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების სრულფასოვანი და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)