ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 9.0%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0% შეადგინა. ამავე განმარტებით, „ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს“. „მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
„ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი. მისივე განმარტებით, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი“.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, „სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ სებ-ში და იქვე განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა –
- 25/09/2019 – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა
- 01/08/2019 – ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი მცირედით გაამყარა
- 30/05/2019 – ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
- 01/05/2019 –ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა
- 30/01/2019 – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე შეამცირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)