ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების თავდასხმის გამო ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის ხუთივე სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
სამხედროების მდგომარეობას და ბაზაზე არსებულ ვითარებას დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია პირდაპირი ჩართვის შედეგად გაეცნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს. 871 სამხედრო მოსამსახურით საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან უმსხვილესი კონტრიბუტორია.
ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მსახურის დროს ჯამში 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)