პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თანამდებობებს უვადოდ დაიკავებენ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთი თვის წინ გასულმა დეპუტატებმა. სხდომას არც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები დასწრებიან.
ახლად არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან:
- მერაბ გაბინაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 86 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - მირანდა ერემაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - მამუკა ვასაძე – მოქმედი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე
(არჩეულია 88 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) - მაია ვაჩაძე – უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე
(არჩეულია 90 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) - თამარ ზამბახიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 89 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) - შალვა თადუმაძე – მოქმედი გენერალური პროკურორი
(არჩეულია 89 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - ვლადიმერ კაკაბაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 86 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - ლევან მიქაბერიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 89 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი
(არჩეულია 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - ნუგზარ სხირტლაძე – უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე
(არჩეულია 90 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) - ლალი ფაფიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
(არჩეულია 88 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) - ნინო ქადაგიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(არჩეულია 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - ქეთევან ცინცაძე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი
(არჩეულია 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ) - ალექსანდრე წულაძე – იურიდიული კომპანია CCL Law Firm-ის პარტნიორი
(არჩეულია 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ)
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატმა დეპუტატების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათ შორის, არიან:
- თამარ ალანია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(მომხრე – არც ერთი დეპუტატი, წინააღმდეგი – 6 დეპუტატი) - შოთა გეწაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(მომხრე – 2 დეპუტატი, წინააღმდეგი – 4 დეპუტატი) - პაატა სილაგაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(მომხრე – არც ერთი დეპუტატი, წინააღმდეგი – 3 დეპუტატი) - ლაშა ქოჩიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
(მომხრე – 2 დეპუტატი, წინააღმდეგი – 3 დეპუტატი) - გოჩა ჯეირანაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
(მომხრე – 2 დეპუტატი, წინააღმდეგი – 4 დეპუტატი)
პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას წინ უძღოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის დასკვნის წარდგენის მიზნით, მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. თამარ ალანიამ, პაატა სილაგაძემ, გოჩა ჯეირანაშვილმა, ლაშა ქოჩიაშვილმა და შოთა გეწაძემ მხარდაჭერა ვერც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოიპოვეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ თავისი კანდიდატურა 2 დეკემბერს მოხსნა, ამიტომ პლენარულ სხდომაზე მისთვის კენჭი აღარ უყრიათ.
საკომიტეტო განხილვა ერთ-ერთი ეტაპი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო და მიზნად ისახავდა უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობის 8-დან 28-მდე გაზრდას.
მოსამართლეთა შერჩევის რამდენიმეთვიანი პროცესი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვა დღესაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)