სასამართლომ გიგი უგულავას გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტის გამო, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და საგამოძიებო ორგანოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გადაცემა დაავალა.

შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 დეკემბერს გამთენიისას მოხდა, როდესაც თავად გიგი უგულავას განმარტებით, იგი თანაპარტიელ გოკა გაბაშვილთან ერთად, ლარნაკაში, რამდენიმე დღით, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წარსული საქმიანობის შესასწავლად მიდიოდა. „მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში [ორი პირი], საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში“, – დაწერა უგულავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი „თავდამსხმელი“ ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი იყო, რომელიც როგორც მედიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს 16 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მისულ ე.წ. „პროვოკატორებთან“ ერთად იმყოფებოდა.

11 დეკემბერსვე გიგი უგულავამ ასევე Facebook-ის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გამოძიება მას სწორედ გავაშელიშვილის ცემას ედავებოდა, რის გამოც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პირის ცემას ან ისეთ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ უგულავასთვის ბრალის წაყენების პარალელურად გამოძიებამ ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფი მისივე თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნო და მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ინციდენტში მონაწილე მეოთხე პირს [არა ბადრი გავაშელიშვილს] წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას ადვოკატი საქმის მასალების სათანადოდ გაცნობის მიზნით სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა, მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და საქმეზე მოსმენა გუშინვე გამართა და გადაწყვეტილებაც გუშინვე მიიღო.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და უგულავას, 5 000 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ბრალდებულ უგულავას „მიმალვის საფრთხეებიდან“ გამომდინარე, სასამართლომ მას გამოძიებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ეფუძნებოდა აღნიშნული საფრთხე, პროკურორმა უპასუხა, რომ უგულავა არც გუშინდელ პროცესზე გამოცხადდა. ამასთან, მისივე თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული წინა საქმეების განჩინებაში მითითებული იყო, რომ „ბრალდებული მაშინ მიმალვას ცდილობდა“.

პროკურორისვე განმარტებით, უგულავას წინააღმდეგ საქმეში იმ მოწმეთა მტკიცებულებები დევს, რომლებიც იმ მომენტისთვის ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, საქმეშია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საექსპერტო დოკუმენტაცია და დაზარალებულის ტანსაცმელი.

კითხვაზე, თუ რატომ არ ამოიღო გამოძიებამ მტკიცებულების სახით აეროპორტის სათვალთვალო კამერებზე არსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მომხდარ ინციდენტს ასახავს, გიორგი ქობულაძემ განმარტა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს გამოძიებას ჩანაწერების გამოთხოვის უფლება არ აქვს. თუმცა, იქვე განმარტა, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს არის ჩანიშნული და გამოძიებას დამატებითი მტკიცებულებებისა და ახალი გარემოებების დასადგენად ვადა კიდევ აქვს. „ვეცდებით სხვა გამოსავლის პოვნას, რომ კანონიერი გზით ეს ვიდეოჩანაწერი დავამაგროთ საქმეზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების (მათ შორის, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან) განხორციელება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით არის ნებადართული.

თუმცა ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი ინახება, პროკურორს სასამართლოს შუამდგომლობით მისი გამოთხოვის უფლებამოსილება აქვს.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური. „ამ ფარსში“ მონაწილეობის მიღებას რომ არ აპირებდნენ, ამის შესახებ გიგი უგულავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა.

სასამართლო პროცესზე უგულავას სახაზინო ადვოკატი სულხან კომახიძე იცავდა, რომელმაც განმარტა, რომ სასამართლომ გიგი უგულავას სამართლიანი სასამართლოს უფლება დაურღვია. მანვე უგულავასთვის გირაოს შეფარდებას და ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესებას „უსამართლო“ და „უკანონო“ უწოდა და თქვა, რომ ეს ღონისძიება „კონკრეტულ მიზანს ემსახურება“.

„ეს საქმე არის იმის კიდევ ერთხელ დადასტურება, თუ როგორ შეიძლება დაგესხან თავს შენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო კიდევ შენ მიგცენ პასუხისგებაში. საქმის მასალებს სრულად ვერ გავეცანი, თუმცა, რასაც გავეცანი, ის ბრალეულობის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ ადასტურებს“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სასამართლოს გადაწყვეტილება თავად გიგი უგულავამაც შეაფასა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა „ნათლად მეტყველებს, რომ ივანიშვილს დაწყებული აქვს ტოტალური ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“. მისივე თქმით, ეს „დადგმა“ იმისთვის მოეწყო, რომ მისთვის უცხოეთში გადაადგილება შეეზღუდათ. „ეს არის კლასიკური ბოლო ჟამი. ივანიშვილის ამორფული რეჟიმის პარალელი შეიძლება ასლან აბაშიძესთან გავავლოთ, მაგრამ არანაირი აზრი ამას არ აქვს“, – დასძინა მანვე.

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გიგი უგულავას პირველად ბრალი 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. 2014 წლის 30 ივნისს თბილისის ყოფილ მერს პროკურატურამ ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. იმავე წლის 3 ივლისს გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 5 ივლისს კი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

2015 წლის სექტემბერში სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის მერად მუშაობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წლის იანვარში სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი სამი წლითა და სამ თვეზე მეტით შეუმცირა. შედეგად, ყოფილმა მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულება იმავე დღეს დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)