თბილისში ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი დასრულდა
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი, რომელიც, როგორც ოცნების ლიდერები განმარტავდნენ, პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღების აღსანიშნად გაიმართა, დაახლოებით 17:00 საათზე დასრულდა.
აქცია-კონცერტზე, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, შეკრებილებს სიტყვით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლება და პარტიის ლიდერებმა მიმართეს. მათ შორის იყვნენ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ქართული ოცნების გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ივანიშვილის მიმართვა
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვის დასაწყისში ყურადღება ქვეყნის ევროპულ წარსულზე გაამახვილა და თქვა, რომ „საქართველო ევროპაში არა უბრალოდ ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში“.
„დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად! იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს; იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა ფშაველას; იყო ქართველი ნიშნავს, შენს ყველა უჯრედში ცოცხლობდეს საქართველო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, „მრავალი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც“ ქართულმა ოცნებამ „არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით“, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შეძლო.
„სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება. სწორედ ევროპული არჩევნისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის – აშშ-ის უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე ყოფილი ხელისუფლებაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ მათგან „მძიმე მემკვიდრეობა“ მიიღო. ამ კონტექსტში მან, სიდუხჭირე, ოკუპაცია, ავტორიტარიზმი და „ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები“ დაასახელა.
„დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში. ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა და აკრძალა ქუჩა (გახსოვთ, რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო), სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს. თანაც, ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებით ახდენენ ამას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მანვე ტრიბუნიდან მოსახლეობა დაამშვიდა და თქვა, რომ „ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ, ეკონომიკასაც ავაღორძინებთ და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღრებულებად“.
ივანიშვილმა გამოსვლის ბოლოს ყურადრება განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება“ და რომ სწორედ ეს უნდა იყოს მისი „თოფ-იარაღი“.
„ამიტომ მივეცით თავს უფლება, რომ ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია განათლებაში ჩაგვედო. ბევრი ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 25% განათლებაზე დაეხარჯა. ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი ერთდორულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი მშვიდობიანად და დემოკრატიულად განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ სამომავლო წარმატებებზე“.
პრემიერ-მინისტრის მიმართვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეკრებილებს უთხრა, რომ 1991 წლის 9 აპრილიდან დღემდე, თითოეულმა ჩვენგანმა „ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ“, იმისთვის, რომ „უფრო ახლოს ვყოფილიყოთ ევროპასთან“. მისივე თქმით, აქ ყოველთვის იყო ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორიაა. „ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი“, – დასძინა მანვე.
„არასდროს ევროპასთან არ გვქონია ისე ახლო ურთიერთობა როგორც დღეს. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და თითოეულმა ჩვენგანმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით რაც გველის წინ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ყურადღება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ „უსამართლობაა, [როდესაც] ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში“. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, „ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპის ფარგლებში“.
კახა კალაძის მიმართვა
თბილისის მერმა გამოსვლისას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თითოეულმა ქართველმა ევროპა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსა და ყოველდღიურ ყოფაში უნდა დაამკვიდროს, რის შემდეგაც „ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება“.
„ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან. ეს არის საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს“, – თქვა თბილისის მერმა და იქვე დასძინა, რომ „ჩვენს ერთობას, წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ მიზანს“ და „გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც“.
რატომ და როგორ მოხდა აქციის ორგანიზება
ქართული ოცნების ღონისძიების მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება დაახლოებით დღის 12 საათიდან დაიწყეს. ოცნების აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდან ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათი ტრასპორტირება მმართველმა გუნდმა უზრუნველყო. აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ასევე საჯარო სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები ესწრებოდნენ.
გასული კვირის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ ქართული ოცნება აქციაზე დასწრებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმაც გაავრცელეს და მმართველ პარტიას მოქალაქეებზე ზეწოლისა და იძლების ნებისმიერი ფორმების აღკვეთისკენ მოუწოდეს.
ქართულმა ოცნებამ მხარდამჭერთა მობილიზება ნოემბრის ბოლოს დაიწყო იმ საპროტესო აქციების პასუხად, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მმართველი გუნდისგან უარის მიღების შემდეგ მართავენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ოცნების დღევანდელ ღონისძიებას, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების მიერ მოწყობილი სხვადასხვა პერფორმანსებისა და აქციების დროს, ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციები და ოპოზიციის ოფისებსა და ლიდერებზე თავდასხმები უსწრებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)