ამერიკელი კონგრესმენები „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოში „დაპირებული პოლიტიკური რეფორმების უკუგდების“ გამო

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ, 13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას  წერილით მიმართეს, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, უკუეგდო თავისი საკვანძო დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ასევე – იმ ცნობების გამო, რომელიც „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას“ ეხება.

კონგრესმენების თქმით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების „ვალდებულება აღებული იყო არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე“. „საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად მუშაობდა ამ რეფორმებზე“, – აღნიშნავენ კონგრესმენები და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები „დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტს“.

კინზინგერი და კონოლი ასევე აღნიშნავენ, რომ „1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა დემოკრატიის მყარი საფუძვლები და დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს“. „სწორედ ამიტომ“, – წერენ კონგრესმენები – „ჩვენ შოკირებულნი ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩავარდა დაპირებული რეფორმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ“.

კონგრესმენები ხაზს უსვამენ, რომ „ქართველებს სურთ ჰყავდეთ ხალხის მთავრობა, არჩეული ხალხისთვის და ხალხის მიერ“. „მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული დასავლეთთან, და სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნავენ კინზინგერი და კონოლი. მათივე თქმით, „სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი გავიდა ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ თავიანთი შეშფოთება, მაგრამ მათ თავზე ხელაღებული მოძალადეები დაუპირისპირდნენ“.

კონგრესმენები წერენ, რომ, „მართალია ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის დროს, თუმცა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეთა უფლებას, თავიანთი მოსაზრებების გამოსახატად მშვიდობიანი საშუალებები გამოიყენონ“. „საშინელ ამბად მივიღეთ ცნობები იმის შესახებ, რომ ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა კიდეც“, – აღნიშნავენ ისინი.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველო თითქმის 30 წელია წარმოადგენს აშშ-ს „საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორს“. მათივე თქმით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „ახლახან გამოხატა საქართველოსადმი ერთგულება“ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე – აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ. კონგრესმენები ამბობენ, რომ „ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომ დაადასტუროს ერთგულება ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობის მიმართ“.

„ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს დემოკრატია მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – წერენ კინზინგერი და კონოლი.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შესახებ პირველი განცხადება 14 ნოემბერს გამოაქვეყნა. მაშინ ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებდა, „დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და ეს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი მიიღონ“.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პატიებმა, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მოლაპარაკების სამი რაუნდი გამართეს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და მიუღებლად მიიჩნევს.

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, რომლითაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს იგეგმებოდა. კანონპროექტს მხარი ოპოზიციის 44-ვე დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა ცვლილებების მომხრე უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატი აღმოჩნდა, რაც საკმარისი არ იყო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)