საბჭოთა რუსეთთმა საქართველოს მისიის წევრები დააკავა; მხარეებმა საპროტესტო ნოტები გაცვალეს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 20 დეკემბერი, N288

საქართველო და საბჭოთა რუსეთი

სახალხო კომისრის მოადგილის კარახანის ნოტა

4 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მოსკოვიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე კარახანისგან შემდეგი რადიო დეპეშა მიიღო: „2 დეკემბერი, ჩვენი ცნობით მთელ საქართველოში ასობით არიან დატუსაღებული კომუნისტები. საბჭოთა მთავრობის მიერ ამის საპასუხოთ შეპყრობილი არიან პეტროგრადში, მოსკოვში და სხვა ადგილებში ყველა ის პირნი, ვინც თვლის თავის თავს საქართველოს მისიის წევრათ, ანდა კონსულათ. ჩვენ წინადადებას გაძლევთ, დაუყონებლივ გაათავისუფლოთ კომუნისტები, შეგვატყობინოთ სია განთავისუფლებულ კომუნისტებისა და წარუდგინეთ ამხანაგ ცხაკაიას დაგვიდასტუროს, შესრულებულ იქნა თუ არა ჩვენი წინადადება. მივიღებთ თუ არა რადიოს, რომ შესრულებული არის ჩვენი წინადადება, მიხა ცხაკაიას დასტურით, რუსეთში ყველა შეპყრობილთ განვათავისუფლებთ.

საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე კარახანი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის ნოე ჟორდანიას პასუხი

ამ დეპეშის საპასუხოთ 9 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს ლენინს (ასლის აქართველოს მისიას მოსკოვში) შემდეგი რადიო დეპეშა გაუგზავნა:

„მე მივიღე ცნობა რადიოთი საქართველოს რესპუბლიკის მისიის წევრებისა და კონსულების დაპატიმრების შესახებ საბჭოთა რუსეთში, რომელსაც ხელს აწერს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის  მოადგილე კარახანი. ასეთი ნაბიჯი კარახანის განცხადებით, პასუხია კომუნისტების დაპატიმრებაზე საქართველოში. საქართველოში კომუნისტების წინააღმდეგ არავითარ რეპრესიას ალაგი არას ჰქონია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კომუნისტური პარტიის წევრები არიან; ამის დამამტკიცებელია ის ფაქტები, რომ საქართველომ თავშესაფარი მისცა 5 ათასამდე კომუნისტს, რომლებიც გამოიქცენ, თერგის მოხალისეთა ჯარის მიერ დაკავების დროს; ამათგან ისინი, რომელებმაც ვერ მოახერხეს სამშობლოში წასვლა, ეხლა საქართველოში თავისუფლათ ცხოვრობენ; არ ვამბობთ იმაზე, რომ მთავრობა 8 თვის განმავლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდა კომუნისტებს, რომელიც რამდენიმე მილიონით განისაზღვრება.  მთავრობის განკარგულებით დაპატიმრებული იქნენ მხოლოდ ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდნენ შეიარაღებულ გამოსვლებში და შეთქმულებაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი მთავრობის, მთელი დემოკრატიის ნდობით აღჭურვილის წინააღმდეგ.

გამოსვლებს თან ახლდა მკვლელობა და ძარცვა გლეჯა. საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებსაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ საბჭოთა მთავრობის საწინააღმდეგო სამტრო გამოსვლებში და ამით დაარღვია საერთაშორისო უფლების ელემენტარული წესები. ამის გამო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მოითხოვს საქართველოს მისიის მოხელეთა დაუყონებლივ გათავისუფლებას. წინააღმდეგი მოქცევა დაამტკიცებს მთელი ქვეყნის დემოკრატიის წინაშე, რომ საბჭოთა მთავრობა მტრულათ ეკიდება ქართველ ხალხს და უარყოფს მის დამოუკიდებელ სახელმწიფოთ არსებობის უფლებას.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

ტფილისი, 9 დეკემბერი, 1919 წელი.

გარეშე საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის ნოტა მოსკოვს

17 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა გაუგზავნა მოსკოვში საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ჩიჩერინს შემდეგი რადიო დეპეშა: „საქართველოს რესპუბლიკის მისიის შეპყრობით, რომელიც გამოწვეულია საქართველოში კომუნისტების დატუსაღების საპასუხოთ, იმ კომუნისტებისა რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსვლაში, საბჭოთა მთავრობამ საერთაშორისო უფლება დაარღვია და დაუმტკიცა ქვეყანას (მსოფლიოს), რომ ის მტრულად უყურებს საქართველოს ხალხის სურვილს – განამტკიცოს და ხელი შეუწყოს თავის დამოუკიდებლობას. ამის გამო საქართველოს რესპუბლიკა აუქმებს მთელ საბჭოთა რუსეთში ყველა მისიებს, საელჩოებს და იმ ორგანოებს, რომლებიც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. შეპყრობილნი საბჭოთა მთავრობის მიერ მისიის წევრები და კონსულები ამ მომენტიდან კერძო პირებათ ითვლებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი