ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში „არაფორმალურ მმართველობაზე“ საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოთხი მსხვილი დაწესებულების მონიტორინგის შედეგებს ასახავს, „დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა“ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის 15 დაწესებულებაში სასჯელს 8 075 მსჯავრდებული იხდიდა. №15 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ოქტომბრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედი იყო თავმოყრილი, პატიმართა რაოდენობა დასაშვებ ნორმას 39%-ით აჭარბებდა.
არაფორმალური მმართველობა
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში მონახულებულ დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, „წესრიგს ძირითადად არაფორმალური მმართველები უზრუნველყოფენ“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პენიტენციური დაწესებულებების სათანადო მართვის პრობლემის ფონზე, არაფორმალური მმართველობის მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება“ და რომ „დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება“.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, „კრიმინალური სუბკულტურის გავლენით“, ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ პატიმრებად, შედეგად კი, პრივილეგირებული პატიმრები დანარჩენ მსჯავრდებულებზე კონტროლს ახორციელებენ.
არაფორმალური მმართველობის საილუსტრაციოდ, ანგარიშში კონკრეტული ფაქტებიცაა მოყვანილი:
- მაგალითად, №2 დახრული ტიპის დაწესებულებაში, სადაც 2019 წლის აგვისტოში 709 პატიმარი იყო მოთავსებული, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან. ანგარიშის თანახმად, ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, „სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში“. პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს. ე.წ ციხის მაყურებლები აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს.
- სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ №8 დახრული ტიპის დაწესებულებაში (1 408 მსჯავრდებული) არიან პრივილეგირებული პატიმრები, რომელთაც ადმინისტრაცია ეხმარება საკნების გარემონტებაში, რთავს ნებას იქონიონ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც სხვა პატიმრებისთვის არაა დაშვებული, ითვალისწინებს მათ სურვილს, მეგობრებთან ერთად განაწილდნენ საკნებში, ეხმარება დროული სამედიცინო მომსახურების მიღებაში.
- ანგარიშის თანახმად, №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში (1 869 მსჯავრდებული) არაფორმალური მმართველები თითოეული საკნიდან „საწევრო“ გადასახადს კრებენ, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, 300-400 ლარს აღწევს და ე.წ. „საერთოში“ მიემართება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შორის ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, ხოლო დაპირისპირების მიზეზს ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხები წარმოადგენს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პატიმართა შორის კონფლიქტური სიტუაციები ადგილზევე გვარდება „მაყურებლის“ მიერ და ხშირად პრობლემის შესახებ ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციამდე ვერ აღწევს.
ანგარიშში მოყვანილია №15 პენიტენციური დაწესებულების მაგალითი, სადაც, სახალხო დამცველის თანახმად, „მაყურებლები“ რეგიონების, სართულების, ფლიგელების და სხვა სივრცეების მიხედვით არიან გადანაწილებული და შესაბამისად, ე.წ. „ზონის“ საკითხებს აგვარებს არაფორმალური მმართველი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „მაყურებლის“ მიერ საქმის გარჩევის შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტულ პატიმარს მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამცირონ, გარიყონ მათი სოციუმიდან და აიძულონ გადავიდეს მათი შეხედულებით, დაბალი სტატუსის პატიმართა კატეგორიაში.
სახალხო დამცველის თანახმად, გარდა ფიზიკური ძალადობისა, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე ვლინდება „მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის“ შემთხვევებიც.
ომბუდმსენის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და, კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით, უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც.
პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სხვა პრობლემები
სახალხო დამცველის განცხადებით, ციხეების გადატვირთულობა, რაც №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირდა, პერსონალის ნაკლებობასთან ერთად, ციხის ადმინისტრაციას უბიძგებს, წესრიგის შენარჩუნების და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.
ომბუდსმენის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში „ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.
ომბუდმენი ასევე წუხს, რომ „შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან“.
ანგარიშში ასევე საუბარია პატიმრებისათვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარვეზებზე. ამ მხრივ, ომბუდსმენი გამოყოფს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა სამედიცინო პერსონალის სიმცირე და კვალიფიკაციის ნაკლებობა, კონფიდენციალობის დარღვევა, ასევე, გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პატიმრის გადაყვანის გაჭიანურება.
სახალხო დამცველი, ანგარიშთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში, მიესალმება იმ ფაქტს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, ომბუდსმენის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანგარიშში გაკეთებული შეფასებების თაობაზე.
ომბუდსმენის განცხადებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახური გარკვეულ ნაწილში იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული აქვს დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად გარდაქმნა“.
„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებების გარდაქმნის იდეას, იმ შემთხვევაში თუ მათი მიზანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება იქნება“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)