ტფილისში მუშათა სასახლე გაიხსნა
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 30 დეკემბერი N296
მუშათა სასახლის საზეიმო გახსნა
28 დეკემბერს ტფილისის პროლეტარიატმა ზეიმით გახსნა თავისის სასახლე; არამიანცის ყოფილ სახლში, რუსთაველის ქუჩაზე, მთელი შენობა წითელი დროშებით და გირლიანდებით იყო მორთული, 12 საათზე დარბაზი სავსე იყო მუშებით, გახსნას დაესწრენ დამფუძნებელი კრების და მთავრობის წევრები, ტფილისის თვითმმართველობის წარმომადგენელნი, საქართველოს პროფესიონალურ კავშირთა საბჭოები და სხვა. სხდომა გახსნა ალ. ხელაძემ. მუსიკა უკრავს ინტერნაციონალს. მუშა მამალაძე წითელ დროშას გადასცემს კავშირის სეკრეტარს და ამბობს: ძვირფასო ამხანაგებო! მოგილოცავთ თავისუფალ ბრწყინვალე დღესასწაულს ეს დიდებული წითელი დროშა მუშებმა პირველად აღმართეს აი აქ ბარიათინის ქუჩაზე 22 აპრილს 1901 წელს და მან დღემდე მოიტანა, დღეს კი ჩვენ ამ დროშას გადმოგცემთ თქვენ და გისურვებთ საერთაშორისო პროლეტარიატის დანიშნულების განხორციელებას, საბოლოო მიზნის – სოციალიზმის მიღწევას, გისურვებთ გამარჯვებას. გაუმარჯოს საერთაშორისო პროლეტარიატს, გაუმარჯოს სოციალიზმს (ტაში). ორკესტრი ისევ ინტერნაციონალს უკრავს,
დამფუძნებელ კრების სახელით სიტყვას წარმოსთქვამს გრ. გიორგაძე.
მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ნ. ჟორდანიას გამოსვლას ცხარე ტაში ხვდება დარბაზი. ყველანი ფეხზე დგებიან და ოვაციებს უმართავენ, უცბათ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა სმენათ გადაიქცევა. ორატორი იწყებს:
ამხანაგებო! ნება მომეცით მოგილოცოთ თქვენ მუშათა სასახლის გახსნა. ეს სახლი გარეგნულათ სრულიათ არ ჰგავს მუშათა სახლს. არც ეს ქუჩა გავს იმ ქუჩებს, რომელზედაც უხდებათ ცხოვრება მუშებს. და აი მუშათა სახლის გახსნა სწორედ ამ სახლში, რომელიც აგებული იყო მაღალი კლასისათვის, სახელდობრ ეს გვიჩვენებს დღევანდელი მდგომარეობის აზრს, შინაარსს. ეს ჩვენ გვიჩვენებს რევოლუციის აზრსაც, გვიჩვენებს იმასაც, რომ მუშები გამოდიან თავიანთი ბნელი, ვიწრო ქუჩებიდან და იკავებენ საუკეთესო სახლებს ჩვენს დედა-ქალაქ – ტფილისში. მას შემდეგ, რაც მუშებმა დაიპყრეს პოლიტიკური ძალა უფლება და დაიკავეს ის სასახლე (დამფუძნებელი კრების სასახლე), სრულიად ბუნებრივია ამ მუშათა სასახლის დაკავება. და აი ამ სასახლის გახსნა გვიჩვენებს, რომ მუშები უფრო ახლო დგებიან, მჭიდრო კავშირს იკავებენ იმ ხალხთან, რომელნიც იმყოფებიან იმ სასახლეში და რომლებიც თქვენზე ეყრდნობიან. ჩვენ მიჩვეული ვართ თქვენგან დირექტივების, დახმარების მიღებას და იმედი მაქვს, რომ თქვენ კვლავ არ მოგვაკლებთ ამ დახმარებას, გააგრძელებთ თქვენს პოლიტიკას.
თუმცა თქვენი პროფესიონალური კავშირები პოლიტიკას არ ეწევიან, მაგრამ წმინდა პროფესიონალური მოძრაობა არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. და აი თქვენ უნდა გვიკარნახოთ დირექტივები და ჩვენ მათ ცხოვრებაში გავატარებთ მუშათა კლასის სახელით მისი ინტერესების მიხედვით. აი ამ სასახლეში გაერთიანებულია ტფილისის პროფესიონალური კავშირები და მე ვისურვებდი, რომ ის საღი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, გადასროლილი იყოს საქართველოს საზღვრებს იქით, განსაკუთრებით ბაქოში და სხვა ცენტრებში. გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს (ცხარე ტაში).
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით ლაპარაკობს შინაგან საქმეთა მინისტრო ნ. რამიშვილი (რომლის გამოსვლასაც ტაშისცემით ხვდებიან), რომელიც სხვათა შორის აღნიშნავს იმ მძიმე პირობებს, რომლშიაც უხდება მუშათა კლასს დღეს ცხოვრება და ამბობს: დღეს ჩვენ გვახრჩობენ გარეშე პირობები (ბლოკადა, მოსალოდნელი შიმშილი), მაგრამ მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი მხნეობა და ძალა დაგვეხმარება ჩვენ არა მარტო დემოკრატიზმის განმტკიცებაში, არამედ საბოლოო მიზნის – სოციალიზმის დაახლოებაში.
შემდეგ რაჟდენ არსენიძე დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით წარმოსთქვა მხურვალე სიტყვა.
შემდეგ მუშათა სასახლის გახსნას ულოცავენ: ტფილისის თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი, საქართველოს პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს სახელით მუხრან ხოჭოლავა.
დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის სახელით სიტყვა სთქვა ილიკო ფირცხალაიშვილმა. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის მთავარი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების სახელით ილაპარაკა სიმონ მდივანმა. „ერთობის“ რედაქციის, ერობათა კავშირის და სახალხო უნივერსიტეტის სახელით ილაპარაკა გრიგოლ ლორთქიფანიძემ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტფილისის კომიტეტის სახელით სარდიონ თევზაძემ, ქალაქთა კავშირის სახელით სოციალისტ-ფედერალისტმა არჩილ ჯაჯანაშვილმა. ბავშვთა და დედათა საზოგადოების სახელით ინა ჟორდანიამ, ქუთაისის პროფესიონალურების ცენტრის სახელით გ. ტუსკიამ.