ცხინვალის თქმით, გაფრინდაშვილმა განზრახ დაარღვია კანონი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახალგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო 1 წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე „სრულიად არ იყო მკაცრი“.
„ადამიანმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით კი, თუ ის განზრახ სჩადის ამას, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ „გაფრინდაშვილმა განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“. შემდეგ მან აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილის დაკავების პოლიტიზირება მოხდა თბილისში.
- ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებას ითხოვს
- აშშ-ის საელჩო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ასევე გაავრცელა განცხადება 23 დეკემბერს გაფრინდაშვილის გასამართლებასთან დაკავშირებით. მან თბილისის და დასავლეთის მოწოდებებს გაფრინდაშვილის „დაუყონებლივ გათავისუფლების“ თაობაზე „ისტერია“ უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში საზღვრის უკანონო გადაკვეთა დასჯადია და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც გამონაკლისს არ წარმოადგენს“.
საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევებში, ადმინისტრაციული ზომების მიღების შემდეგ, „საზღვრის დამრღვევების“ გადაცემა ხდება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.
„რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რისთვისაც ის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით ისჯება და მის პროფესიულ საქმიანობას ამასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ გაფრინდაშვილი „ჩვეულებრივი დამნაშავეა, სხვადასხვა ძალების შიდა პოლიტიკური ბრძოლის მძევალი, ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი“.
ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის საქმე „პროვოკაციის ახალი ფორმაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ქართულ სპეცსამსახურები ჩართულები არიან ჰუმანიტარული პროფესიების მქონე ე.წ. იდეური მოხალისეების ძიებასა და წაქეზებაში, რომ კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ასეთი დანაშაულები ჩაიდინონ“.
ამიტომ, განაგრძო მან, „სამწუხაროა“, რომ ქართველი ექიმი „რომელსაც მკაფიოდ ესმოდა, თუ რა შედეგებს მოიტანდა მოცემული პროექტი, განზრახ წავიდა ამ პროვოკაციაზე და დააკმაყოფილა კონკრეტული პარტიის პოლიტიკური საჭიროებები შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით“.
იმავდროულად, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჟა გაფრინდაშვილის „უკანონო გასამართლებაზე რეაგირებისთვის“. „ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას. ეს მიუღებელია და ადგილზე არსებულ ღრმა ჰუმანიტარულ კრიზისზე მიანიშნებს“, – დაწერა მან Twitter-ზე.
კვირის დასაწყისში, ზალკალიანი გაფრინდაშვილის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, როზმარი დიკარლოს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას უკვე მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სახალხო დამცველი კრიტიკული შეფასებები. ისინი ცხინვალს ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამართულ აქციაზე, რომ ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი „იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო“, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს „ანადგურებს“.
ლაფანაშვილის თქმით, 9 ნოემბერს გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ კასპში პაციენტი უნდა მოენახულებინა და მალე დაბრუნდებოდა. თუმცა, მოგვიანებით მან მეუღლეს დარეკა და უთხრა, რომ „რუსმა მესაზღვრეებმა“ დააკავეს და სავარაუდოდ ცხინვალის ციხეში გადაყავდათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)