მერიამ პარლამენტთან კარვების ნაცვლად ატრაქციონები დადგა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
პოლიციამ 31 დეკემბერს, გვიან ღამით, 9 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ კარვების აღებისა და სანაცვლოდ ატრაქციონების განთავსების შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
დაკავებულთა შორის არიან მოძრაობის – „ქვეყნის სამსახურში“ წევრები ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
თბილისის მერიის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები მალევე გამოჩნდნენ. მათ საახალწლო მოწყობილობების გაშლაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ხელისშეშლა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის დახმარებით, ატრაქციონები მაინც დაიდგა.
თბილისის მერიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კარვების აღების შესახებ მათი მფლობელები წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა მამალაძეების ოჯახის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას პირობა მისცეს, რომ გასართობ მოწყობილობებს ისე განათავსებდნენ, რომ მის კარავს არ შეეხებოდნენ.
მერიის გადაწყვეტილებას, მოგვიანებით, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ პარლამენტის წინ განლაგებულ ატრაქციონებზე ბავშვები არ მიიყვანონ.
„ჩემი თხოვნა იქნება ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალ წელს იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი“, – დაწერა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)