1919: საქართველოს ეროვნული და პოლიტიკური თავისუფლების სიძლიერის წელი

„საქართველოს რესპუბლიკა“, N1, 1920 წ. პირველი იანვარი

არა ოფიციალური განყოფილება

ტფილისი, 1 იანვარი, 1920წ.


კიდევ ერთი წელი ჩაბარდა ისტორიას. წარსული წელი ისტორიულად ფრიად მნიშვნელოვანია ქართველი ერისათვის. დიდი ხნის მონობის შემდეგ ქართველმა ერმა პირველად 1919 წელს განიცადა ეროვნული თუ პოლიტიკური თავისუფლების სიძლიერე. თავისუფლების მაცოცხლებელი სხივები გულის სიღრმემდი ჩაწვდა ქართველ ერის ნახევრად გაყინულ არსებას. მან იგემა მისი სიტკბოება და მიტომ არის, რომ ქართველი დემოკრატია გააფთრებულ ლომივით ებრძვის ყოველ უხეშ ძალას, რომელსაც მიზნად აქვს დასახული სისხლითა და ვაი ვაგლახით მოპოვებული თავისუფლების ლამპარი ჩაუქროს ქართველ ერს.

წარსულ წელს მომაგრდა, ფეხი მოიკიდა საქართველოს დემოუკიდებლობამ. შინაური წეს-რიგი თანდათან მტკიცდება.

წარსული წლის ჩვენმა საქმიანობამ დაარწმუნა მტერ მოყვარე, რომ ქართველ ერს შესწევს ძალა და უნარი თავის თავს თითონვე უპატრონოს.

ამის საუკეთესო დამამტკიცებელია ქართველი ერის ნებისყოფისა და სურვილის გამომხატველი უზენაესი ორგანოს დამფუძნებელ კრების ნაყოფიერი მუშაობა და ჩვენი მთავრობის ბრძნული და მისგან შეწონილი პოლიტიკა; ის გზა, რომელზდაც მთავრობა ადგა წარსულ წელს, იყო სავსებით გამომხატეელი ქართველ დემოკრატიის სულისკვეთებისა და ინტერესების.

სიმტკიცე, გასალკლდევებული სიმაგრე შინ და გარედ, აი რა იყო მთავრობის მიზანი.

გარდა ამისა მთავრობამ კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი რესპუბლიკისათვის მეზობელ ერთა შორის სოლიდარობას და ის პირველი იყო, რომელიც აძლევდა ტონს – მოუწოდებდა მეზობელ ერებს სოლიდარობასა და მეზობლურ კავშირისაკენ. ამ კავშირის დამყარება საქართველოს მთავრობამ კიდევაც შესძლო: ჩვენსა და ჩვენს ისტორიულ მეზობლებს შორის კეთილი განწყობილება დამყარდა. სომხეთ ადერბაიჯანიც თანხმდებიან.

ყველაზე ულმობელი და მზაკვრული მტერი ჩვენი რესპუბლიკისა ეს იყო ანარქია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენში ეგრედ წოდებული „კომუნისტები“ – მათ წარსულ წელს არა ერთხელ სცადეს ქურდულად ჩაეცათ მახვილი ქართველ დემოკრატიისათვის, მაგრამ ყოველთვის ჯეროვანი პასუხი მიიღეს მისგან; მათთან ბრძოლაში დაიღვარა ქართველ დემოკრატიის უმანკო სისხლი, მაგრამ აქაც გამარჯვება ქართველ დემოკრატიას ხვდა წილად: უკანასკნელ სამარცხვინო დამარცხების შემდეგ არ გვგონია „ბოლშევიკებმა“ კვლავ გაბედონ საქართველოს წინააღმდე[გ] ამბოხების მოწყობა.

ამგვარად წარსული, 1919 წელი საქართველოს დემოკრატიის გამარჯვების წელიწადია.

შეიძლება ჩვენ ნორჩ სახელმწიფოს ცას კიდევ გადაეკრას შავი ღრუბლები, იქნებ კიდევ მოუხდეს ქართველ ერს ბრძოლა თავისუფლებისა და ეროვნული სხეულის მთლიანობის დასაცავად, მაგრამ ღრმად გვწამს, რომ გამარჯვება მუდამ ქართველ დემოკრატიას დარჩება და ჩვენც ამ გამარჯვების იმედით ვეგებებით ახალ წელს.