განახლება: მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს
საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის თაობაზე 9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და იქვე დასძინა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდება.
ცქიტიშვილის განმარტებით, მიუხედავად მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადების მრავალჯერ გადავადებისა, კონსორციუმმა საკუთარი კაპიტალის 120 მლნ აშშ დოლარით შევსება და საერთაშორისო ბანკებისგან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის მოზიდვა მაინც ვერ შეძლო.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ კონსორციუმმა ასევე ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო და სამშენებლო ფინანსური გარანტიები, აგრეთვე ვერ შეძლო „რეალური“ ინვესტორის მოძიება, მთავრობა მიიჩნევს, რომ შემდგომ გადავადებას პროექტის განხორციელებისთვის არ ექნება დადებითი ეფექტი, რის გამოც მთავრობაში კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრისვე განცხადებით, კონსორციუმს 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო უკვე ეპატია, თუმცა მას სახელმწიფოსთვის ახალი პირგასამტეხლოების გადახდა და მისთვის გადაცემული მიწების დაბრუნება მოუწევს.
„2017 წლიდან მთავრობის მიერ ხდება [პროექტის] უპრეცედენტო მხარდაჭერა, გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, საჯარიმო სანქციების პატიება, ასევე საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო თავისი შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ცქიტიშვილმა დასძინა, რომ მთავრობა კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავას არ მოისურვებდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს კონსორციუმის უფლებაა და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავრობა დავაში, როგორც მხარე, იქნება ჩართული.
მაია ცქიტიშვილმა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლება „უფრო სერიოზული და ფინანსურად უფრო ძლიერი“ პარტნიორის მოძიებას იწყებს.
„ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, სასურველი იქნებოდა ამერიკელი ან დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის ვერ იქნება მიღებული ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილებაც“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.
- Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
- Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება
- Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დარჩენას არ ადასტურებს
იგი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მთავარი პარტნიორების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასაც შეეხო და განმარტა, რომ დამფინანსებლების მხრიდან პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი არა გამოძიების პროცესი, არამედ კონსორციუმის მხრიდან ბანკებისთვის „არასათანადო გარანტიების“ წარმოდგენა იყო.
- ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად გააცნეს
- სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა
„ამდენად, ნებისმიერი სახის სპეკულაცია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისა და მისი შესაძლო დაკავშრება იმ პრობლემებთან, რომლებიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულიდან აქვს, არის უადგილო“, – თქვა მან.
კონსორციუმის პასუხი
მთავრობის გადაწყვეტილებას დღესვე უპასუხეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დღეს,”სამწუხაროდ, მთავრობამ კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო” და აღნიშნა, რომ კონსორციუმში „ბრალდებებს“, რომ თითქოს მათ ვალდებულებები არ შეასრულეს, ვერ მიიღებენ.
მისივე განმარტებით, კონსორციუმმა პროექტის განვითარებისთვის ძალიან დიდი „შრომა“ და „ძალისხმევა“ ჩადო და ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იქამდე, რომ შეთანხმება შემდგარიყო, მაგრამ „მთავრობამ არ მოისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლაც კი“.
ლევან ახვლედიანი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მთავარი პარტნიორების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გასულ წელს წაყენებული „უსაფუძვლო“ ბრალდებებიც გაიხსენა და განმარტა, რომ ამან „დააზიანა პროექტი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ზოგადად პროცესი, როგორც ინვესტორების მოძიების, ისე ბანკებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების“.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა, კონსორციუმმა არაერთი ინვესტორის დაინტერესება შეძლო, რომლებიც მთავრობისგან „სულ მცირე კომფორტის“ შექმნას ითხოვდნენ, თუმცა, „მთავრობის მხრიდან ესეც კი ვერ მოხერხდა“.
მანვე მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვალდებულებების არაერთხელ გადავადების შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის ნათქვამსაც უპასუხა და განმარტა, რომ გადავადებები იყო , თუმცა ისინი „დასაბუთდა კონკრეტული არგუმენტაციის ქვეშ“.
„ორმხრივად მოხდა შეთანხმება მთავრობასა და ჩვენ შორის სხვადასხვა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით“, – თქვა ლევან ახვლედიანმა და იქვე დასძინა, რომ კონსორციუმი მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)