რესპუბლიკის მთავრობამ თავისუფალი მიწების იძულებით დათესვის შესახებ დადგენილება გამოსცა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 იანვარი, N7
სავალდებულო დადგენილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა თავისუფალ მიწების იძულებით დათესვის შესახებ
6 იანვარი, 1920 წ.
1919 წელში პურის მოუსავლიანობის გამო და მომავალში სურსათის კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საჭიროდ სცნობს გამოსცეს შემდეგი დადგენილებანი:
- ყველა თავისუფალი მიწა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მესაკუთრისა, რომელიც გამოსადეგია დასათესად გაზაფხულის ჭირნახულით აუცილებლივ უნდა დაითესოს 1920 წლისათვის.
- მიწის მესაკუთრენი ვალდებული არიან დათესონ თავისი მიწები საკუთარი ძალით ან გასცენ იჯარით.
- თუ მესაკუთრენი რაიმე მიზეზის გამო არ დათესენ თავის მიწებს, იმ შემთხვევაში ადგილობრივ ერობათა დაწესებულებანი იჯარით გასცემენ აღნიშნულ მიწებს მსურველებზე.
შენიშვნა: არ უნდა დაითესოს ის მინდვრები, რომლებიც ადგილობრივ პირობების მიხედვით მუდამ რჩებოდნენ დაუთესავი, როგორც მაგალითად: სათიბები და საძოვრები, რომელნიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ ადგილობრივ მეურნეობებისათვის.
- მთელი მოსავალი გაზაფხულის ნათესისა იჯარით გაცემულ მიწებიდან ერგება მოიჯარადეს ერთი მეათედის გარდა, რომელიც იჯარის სახით ეძლევა მიწის მესაკუთრეს.
- ამ სავალდებულო დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება: ა) საფონდო და კერძო მესაკუთრეთა მიწების შესახებ – სამაზრო და სათემო ერობებს; ბ) დანარჩენ სახელმწიფო მამულების შესახებ – გადასახლების რაიონების უფროსებს, სახელმწიფო და ეროვნულ მამულების მოურავებს და აგრეთვე ტყის გამგეებს.
- მიწათ-მოქმედების სამინისტროს დაწესებულებანი და ერობები ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარათ გაუწიონ დახმარება, ვისაც უჭირს, თესლით და სასოფლო სამეურნეო იარაღებით.
- გაზაფხულის ჭირნახულით დასათეს მიწების კერძო მესაკუთრენი და მოიჯარადენი, რომელთაც მიიღეს დათესვის ვალდებულება და არ შეასრულეს ერობისაგან დანიშნულ ვადაზე, გარდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის პირობების დარღვევისათვის დაისჯებიან თანახმად სასჯელთა დებულების მე-29 მუხლისა, რომელსაც უსჯიან მომრიგებელი მოსამართლენი.
ეს სავალდებულო დადგენილება მიღებულია მთავრობის მიერ 6 იანვრის სხდომაზე.
მიწათ-მოქმედების მინისტრი
ნოე ხომერიკი