ყოფილი სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებს მადლობას უხდის
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 იანვარი, N7
ბრძანება რესპუბლიკის მთავრობისა და სამხედრო უწყების მიმართ.
31 დეკემბერი, 1919 წ. 1. ტფილისი.
ვშორდები რა რესპუბლიკის შეაიარაღებულ ძალებს, როგორც მათი უშუალო ხელმძღვანელი, ვალდებულად ვსთვლი ჩემს თავს გამოვუცხადო ღრმა, გულწრფელი მადლობა ყველა იმ პირთ, რომელნიც მეხმარებოდენ და ხელს მიწყობდენ ჯარის შექმნა-განმტკიცების ფრიად მძიმე და მეტის-მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.
ქართველი ერის განახლებული ცხოვრება და მისი თავისუფლების უზრუნველყოფა მოითხოვდა არსებულ რეგულარული ჯარის ჩვენი მდგომარეობის მიხედვით გადახალისებას და მისი საომარი ძლიერების უმაღლეს წერტილამდე აყვანას. აუცილებელი გახდა ჯარის რეორგანიზაციის ცხოვრებაში გატარება, ჯარის ყოველ ნაწილებში კულტურული მუშაობის გაჩაღება და სამხედრო მზადყოფნის გაორკეცებული ენერგიით მომზადება. მძიმე და ძნელი იყო ყოველივე ამის მიზანშეწონილათ შესრულება, მაგრამ, მიუხედავათ იმისა, რომ იძულებული ვიყავით გვემოქმედნა ირგვლივ შემოსეული გარეშე მტრებისა და ბნელი ძალებით მოწყობილი შინაურ არეულობის წინააღმდეგ, ჯარმა სახელოვანად სძლია ყოველივე ამას და დაასრულა თავისი მოწყობა-გადახალისება: დღეს ჯარის ყველა ნაწილები უკვე მოთავსებულია თავიანთ მუდმივ ბინებში და აწარმოებს სისტემატიურ გაძლიერებულ სამხედრო და კულტურულ მუშაობას.
ყველა ამ სიძნელესთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგულიარული ჯარი სავსებით შეუსისხლხორცდა რევოლუციის მონაპოვართა ნამდვილ დარაჯს – სახალხო გვარდიას და ამით სამუდამოთ მოესპო საშალება ყველა პროვოკატორს ქართველი ერის ცხოვრების საწინააღმდეგო მუშაობის წარმოებისა. და ყოველივე ამ აღნიშნულ სიძნელეთა გადალახვა და მძიმე საქმის გამარჯვებით დაგვირგვინება აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ ოფიცრების თავდადებულ მუშაობა-ენერგიით და ჯარის კაცთა მიერ თავიანთი მოვალეობის სრული შეგნებითა და სიყვარულით ასრულებით.
კერძოთ უღრმეს მადლობას ვსწირავ სახელოვან სახალხო გვარდიას და მის ხელმძღვანელთ, რომლებმაც დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის უმწიკლო და განუსაზღვრელ სამსახურის მაგალითის მოცემით და ყოველმხრივ დახმარებით ხელი შეგვიწყო ჩვენს მძიმე მუშაობაში.
აგრეთვე მთელი გრძნობით ვემშვიდობები იმ ძვირფას და ერთგულ ჯარის ნაწილებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან ფრონტზე და, მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა, სისხლით იცავენ ულმობელ მტრებისაგან ჩვენი ერის არსებობა-დამოუკიდებლობას და მის დიად თავისუფლებას.
ვტოვებ რა მინისტრის თანამდებობას, ერთხელ კიდევ მხურვალე მადლობას ვუძღვნი ყველა გენერალს, შტაბ და ობერ ოფიცრებს და ჯარის კაცთ მათი რესპუბლიკის საკეთილდღეოთ მუშაობა-მოქმედებისათვის. ამავე დროს ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს მომავალში უფრო მეტი საშუალება მექნება მთელი თავისი ენერგიით ხელი შევუწყო ჯარის შევსებას და შინაური მდგომარეობის გაჯანსაღებით საომარ ასპარეზზე ყოფნის დროს ჯარის ზურგის განმტკიცებას და მის გამარჯვების გაადვილებას.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში სრულიად გაფოლადდება რეგულიარული ჯარი, ის გახდება რესპუბლიკის სუვენერულ უფლებათა ნამდვილი დარაჯი და სახალხო გვარდიასთან ერთად გადალახავს ყოველივე დაბრკოლებას და შესძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამტკიცებას და მის საზღვრების დაცვას.
სამხედრო მინისტრი
ნოე რამიშვილი