მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ აღიარა
ერთობა, 1920 წლის 13 იანვარი, N8
საქართველოსა და ადერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობა მოკავშირეთა სახელმწიფოების მიერ
ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ დილის 11 ს. გვაცნობა, რომ მან მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისარის ოლივერ უორდროპისაგან შემდეგი ცნობა:
„ლორდმა კერზონმა წინადადებით მიმართა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს, რათა მან ფაქტიურად იცნოს საქართველო და ადერბაიჯანი. ლორდ კერზონის წინადადება უმაღლესი საბჭოს მიერ ერთხმად იქნა მიღებული“.
მოპოვებული უფლება
საშვილიშვილო მნიშვნელობის აქტი მოხდა: ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ. ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არ ყოფილა არც ერთი ძლიერი სახელმწიფო: იგი „ერთხმად“ უცნიათ.
ეს წელიწადნახევარია, რაც ამ ამბავს ცის მანანასავით ველოდებოდით. ჩვენ ვიცოდით, რა უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი დემოკრატიის ბედისათვის.
დამოუკიდებლობა ეს ჭეშმარიტათ „მოპოვებული უფლებაა“. ჩვენმა დემოკრატიამ იგი მოიპოვა თავის სახელმწიფოებრივი უნარის წყალობით, პოლიტიკურ შემოქმედების საშუალებით, კულტურულ სიმწიფის მეოხებით. ჩვენი დიპლომატია დამოუკიდებლობის ცნობას ნიადაგს უმზადებდა, მაგრამ იგი არც ერთხელ არ ეყრდნობოდა არავითარ „საიდუმლო“ და საეჭვო საშუალებებს; მას არც ერთხელ არ მიუმართავს იმ ზომისათვის, რომელიც ჩვეულებრივს იარაღს შეადგენს ბურჟუაზიულ დიპლომატების ხელში, არც ერთხელ არ დაუმცირებია თავი საერთაშორისო ინტრიგებში ჩარევით, მაც არც ერთხელ არ მოუნდომებია მეზობელ სახელმწიფოთა უბედურებაზე თავის ქვეყნის ბედნიერების აშენება. მთელი მისი საქმიანობა იდეურ მუშაობაში გამოიხატებოდა, მთელი მისი გონებრივი ენერგია იმისკენ იყო მიმართული, რომ შინაურ ფაქტების აღნიშვნით, შინაურ მდგომარეობაზე მითითებით დაემტკიცებიათ საქართველოს უფლებები გარეშე სახელმწიფოთა თვალში.
ეს ორი მხრივი მუშაობა: შინ სახელმწიფოს გამაგრება, დემოკრატიული შემოქმედება, მისი კულტურულად ამაღლება, გარეთ – უმწიკლო და დიპლომატიური საქმიანობა – აი რით მოვიპოვეთ ჩვენ უდიდესი და უძვირფასესი უფლება.
ეს სამართლიანი დაგვირგვინებაა ჩვენი მუშაობის, ეს საუკეთესო საჩუქარია ჩვენის დემოკრატიის მოღვაწეობისა წარსულში. ეს იმავე დროს, თვალსაჩინო გაკვეთილია ჩვენის მუშაობისათვის მომავალში. რა გზითაც მოვიპოვეთ ჩვენი უდიდესი ჩვენი უფლება, ამავ გზით უნდა ვიაროთ მომავალშიაც: ეს არის გზა სახელმწიფოს განმტკიცებისა შიგნით, დემოკრატიულ შემოქმედების საშუალებით; იმავე დროს ეს არის გზა განათლებულ სახელმწიფოებთან მტკიცე კავშირისა, მათთან ურთიერთობის განმტკიცებისა ნათელ და სპეტაკ დიპლომატიის გზით.
სწორეთ რომ სიხარული და ზეიმი მართებს მთელს ჩვენს ერს, ჩვენს დემოკრატიას. ზეიმით და სიხარულით შეხვდება ამ აქტს მთელი ამიერკავკასიის დემოკრატია, ყველა ჩვენი მეზობელი ერები.
ჩვენი სიხარული გაორკეცებულია იმ გარემოებით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობილია ჩვენთან ერთად ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა – ადერბაიჯანიც. ეს გარემოება ზრდის და მტკიცედ ხდის თვით ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.
სასიხარულო დეპეშაში არაფერია ნათქვამი ამიერკავკასიის მესამე რესპუბლიკაზე – სომხეთზე. არ ვიცით, რით აიხსნება ეს გარემოება, შეიძლება ეს იმით აიხსნებოდეს, რომ სომხეთის საკითხი მჭიდროთ არის დაკავშირებული მეტათ დახლართულ ოსმალეთის საკითხთან. ასეა თუ ისე ჩვენს სიხარულს ცოტა არ იყოს ანელებს ის გარემოება, რომ ჩვენს საზეიმო ფერხულში სომხეთის საქმე არ ურევია. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის საქმეც ისევე დაგვირგვინდება, როგორც დაგვირგვინდა ჩვენი და ადერბეიჯანის საქმე. ამიერკავკასიის ყოველ რესპუბლიკის კეთილდღეობა მხოლოდ მაშინ იქნება მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული, როდესაც მეზობელი სახელმწიფოებიც გაიზიარებენ მას. განცალკევებულათ, მეზობლებისაგან გამოყოფილი, ვერც ერთი ჩვენი რესპუბლიკა ვერ ააშენებს თავის ბედნიერებას.
ბ. თეკლათელი [ბიქტორ თევზაია, დამფუძნებელი კრების წევრი]