არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ წურწუმიას საქმე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს“
რვა არასამთავრობო ორგანზაცია, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქრთველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ „მის მიმართ ჩადენილი დანაშაული“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
9 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები განმარტავენ, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საქმეების, ასევე სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს სამსახურის „საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული“ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და საგამოძიებო ორგანოდან ამ საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ მოთხოვნის უფლებამოსილება აქვს. უარის შემთხვევაში კი, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ გენერალურ პროკურატურას დასაბუთებული წერილობითი წინადადებით მიმართოს.
„საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ კი ის, თუ რა ინტენსივობის დაზიანებები მიიღო მსხვერპლმა, იმყოფებოდა თუ არა პირი სამართალდამცველის ეფექტური კონტროლის ქვეშ, ან რა განზრახვა ჰქონდა საქმეში ბრალდებულ პირს, სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება წარმართული იყოს იმ უწყების მიერ, რომლის მიმართაც მეტი სანდოობა არსებობს“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობოები განმარტავენ, რომ ისინი ვერ გაითვალისწინებენ სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას იმის შესახებ, რომ „რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, გამოძიების ჩატარება მათ კომპეტენციას სცდება“.
„სახელმწიფო ინსპექტორს, სწორედ იმიტომ, რომ თავიდან აიცილოს სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულისთვის არასწორი ან საკამათო კვალიფიკაციის მინიჭების გზით საქმეთა დაქვემდებარება, კანონმდებელი აძლევს უფლებამოსილებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიმართოს პორკურატურას საქმის გადაცემის მოთხოვნით“, – ამბობენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ისინი, სახელმწიფო ინსპექტორს საქმის გამოსაძიებლად გადაცემისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, უფლებადამცველები გენერალურ პროკურატურასაც მიმართავენ, რათა უწყებამ საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა უზრუნველყოს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)