მოქალაქეები მოკავშირეთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 იანვარი, N9
დიდებული დღე
კიდევ ერთი დიდებული დღის სანეტარო წუთები განიცადა ტფილისმა.
საზავო კონფერენციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ელვის სისწრაფით მოედო ტფილისს.
დილის 10 საათზე ქუჩებში კანტი-კუნტად ისმოდა ხმები ამ სანეტარო ცნობის შესახებ, ზოგს არ სჯეროდა, მაგრამ 11-12 საათზე უკვე ყველასათვის ცხადი შეიქმნა ეს სასიამოვნო ცნობა, ტფილისმა უცბად სადღესასწაულო სახე მიიღო, ხალხი ქუჩებში გამოფინა, შეწყდა მუშაობა ყველგან, აფრიალდა ეროვნული დროშები, ატყდა ზარის რეკა, ჯარი და გვარდია დაირაზმა, სიმღერა, მუსიკა… 1 საათია, ზღვა ხალხი მოაწყდა სასახლის ეზოს. ტევა აღარ არის. მოვიდა მასწავლებელთა მთელი ყრილობა. ხალხს სწყურია ამ ბედნიერ წუთს იხილოს ჩვენი სახელმწიფოს მესვეურნი, დემოკრატიის ბელადნი, – მთავრობა, მთავრობა – ისმის ხმები. აა, გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, პირზე ღიმი უკრთის, გრძნობა სჭარბობს, იკრებს ძალას, ულოცავს ხალხს საქართველოს გამარჯვებას.
კერძოდ მიმართავს მასწავლებელთ და იმედ გამოსთქვამს, რომ სახალხო მასწავლებელი კვლავაც არ დაიშურებს თავის ძალ ღონეს მომავალი თაობის საკეთილდღეოთ და დემოკრატიულ სახელმწიფოს განსამტკიცებლად, მასწავლებლები ქუდებს იხდიან და ფიცსა სდებენ, რომ ქართველი მასწავლებლის გული მთლად დაედება სამშობლოს ინტერესებს. ათავებს ნოე რამიშვილი.
ვაშა, გაუმარჯოს საქართველოს, ისმის გრიალივით, მთავრობის თავმჯდომარე, ჩვენი ნოე, ნოე, იძახის ხალხი.
ამ დროს ფანჯარაში გამოჩნდა ჭაღარა ბელადი, უსიტყვოთ თავს უკრავს, მისი მადლიანი შუბლი სიხარულის მანტიით არის შემოსილი, სიტყვის თქმას მაინც ვერ ახერხებს სიხარულით მკრთალი.
მოქალაქენო, ისმის ამ დროს სამხედრო მინისტრის გრიგოლ ლორთქიფანიძის ხმა, ბედნიერ ვარ მეც მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე, მე თქვენი წრიდან ვარ გამოსული (მიმართავს მასწავლებლებს) ბედმა მარგუნა სათავეში ჩავდგომოდი სახელმწიფოს, ახალგაზრდა ჯარ სახელოვან გვარდიასთან ერთად.
ისმის ტაშის გრიალი.
შემდეგ ულოცავს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე.
მაგრამ ხალხი მაინც არ სცხრება, უნდა გაიგონოს ამ ბედნიერ დღეს დიდი ნოეს ხმა.
-ნოე დღეს სიტყვას ვერ იტყვის აცხადებს ნოე რამიშვილი.
მაგრამ, არაა, მაინც მოითხოვენ.
გასჭრა ხალხის ჟინიანობამ:
აკანკალებულის ხმით, ნელა, დინჯათ ულოცავს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ორიოდე სიტყვით.
ხალხი თანდათან მატულობს, დამფუძნებელ კრების წევრები ერთმანეთს ჰკოცნიან და ულოცავენ.
აკაკი ჩხენკელი, ჩხენკელი, გაისმის ჟრიამული. ისმის აკაკის ხმაც:
აღსრულდა ჩვენი დიდი ნატვრა და სურვილი. ჩვენმა ორი წლის მუშაობამ უქმად არ ჩაიარა… გაიმარჯვა ქართველ დემოკრატიის სწორმა ხაზმა…
გაუმარჯოს აკაკი ჩხენკელს! ჩამოვიდა და დამოუკიდებლობაც თან ჩამოიტანა ამბობენ სიცილით, სიხარულით.
მასწავლებელთა ყრილობა მიეშურება ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ უორდროპისაკენ უკვე სამი საათია. სააღლუმოთ ჯარი და გვარდია მზად არის…
მუშათა კავშირის წევრები იცავენ წესრიგს…
საუცხოო სანახავი იყო ჩამწკრივებული ჯარი და გვარდია.
გმირი ვალიკო ჯუღელი ცხენზე ამაყად ზის და არწივივით დაქროლავს.
ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი უორდროპი ქართულად ამბობს:
„გაუმარჯოს საქართველოს!“
თავდება აღლუმი, ღამდება, ტფილისს ელექტრონის სხვა და სხვა ფერი ამშვენებს. რუსთაველის პროსპექტი ხალხით არის გაჭედილი, ერთმანეთს ეხვევიან, ულოცავენ.
შეჰყურებ ყოველივე ამას, სიხარულით ჟრუანტელი გივლის და ფიქრობ: სიზმარია თუ ცხადი? ცხადია – საქართველოს დემოკრატიამ გაიმარჯვა“.