კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს ეხმიანება
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც ორმოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს ეხმიანება და ამ პროცესის ლეგიტიმურობისთვის საპროკურორო საბჭოს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
13 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კოალიციის წევრები განმარტავენ, რომ საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციას მიმართა, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ „ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი კომპონენტია მთლიანი პროცესის გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობისთვის“.
არასამთავრობოების განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, კონსულტაციების შედეგად საბჭო 3 კანდიდატს შეარჩევს, რომლებსაც კენჭი ინდივიდუალურად ეყრებათ და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს (მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ისა). თუმცა, მათივე განმარტებით, ბუნდოვანია, თუ როგორ უნდა მიიღოს საპროკურორო საბჭომ კონსულტაციის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილება.
„კერძოდ, არ არის განსაზღვრული კონსულტაციების ფორმატი და სამოქალაქო/აკადემიურ სუბიექტებთან თანამშრომლობის წესები. ბუნდოვანია, თუ რა ფორმით განიხილავს საბჭო მათ რეკომენდაციებს. საბჭოს ასევე არ აქვს განსაზღვრული წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურები და შესაბამისად, ბუნდოვანია, რა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთი, შემდგომში პარლამენტს უნდა წარედგინოს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
ისინი პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ „გადაწყვეტილება პოლიტიკურ კონსენსუსს არ ეფუძნება და ეს პროცესი არ არის დაცული ერთპარტიული გავლენებისგან“.
„აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალური პროკურორის შერჩევა-დანიშვნის პროცესები წინა შემთხვევებშიც აჩენდა პოლიტიკური გავლენების ნიშნებს და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლო მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირის განმწესება აღნიშნულ თანამდებობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე შეფასებით, პროკურატურისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება ქართული დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კოალიციის წევრების შეფასებით, აუცილებელია, რომ გენერალური პროკურორი „მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და პროფესიული რეპუტაციით იყოს აღჭურვილი“. „ეს კი მიუღწეველი დარჩება, თუკი შერჩევა-დანიშვნის პროცესი წარიმართება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების შესაბამისად“, დასძენენ ისინი.
„არსებული კონტექსტისა და საკანონმდებლო ხარვეზების გათვალისწინებით“, იმისათვის რომ პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობდეს, არასამთავრობოების მოსაზრებით აუცილებელია:
- საპროკურორო საბჭომ შეიმუშავოს კონკურსის ჩატარების პროცედურები და კრიტერიუმები;
- კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებით მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში საბჭომ დაასაბუთოს, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს;
- მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს არ შეარჩევს ვიწრო-პარტიული ინტერესით და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)