EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები შეაფასა
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახის უფლებებს იცავს, გამოძიებაში არსებული საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ, აცხადებს, რომ გამოძიება „ფორმალურად, არაეფექტიანად და ილუზორულად“ წარიმართა.
EMC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ საგამოძიებო მასალებზე წვდომა, რომელსაც თბილისის პროკურატურა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არგუმენტით ასაიდუმლოებდა, მიმდინარე წლის 10 იანვარს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ევროპულმა სასამართლომ „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
EMC-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, პირის, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე, საგამოძიებო მასალებში მათ მიმართ საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები არ არის დასმული.
EMC-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მასალებში დაზუსტებული არ არის სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში შესვლის დროს, კონკრეტულად საწოლის რა ადგილიდან აიღო მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარა, რატომ დაბრუნდა მწოლიარე მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში როგორ შეეძლო ხელყუმბარის გააქტიურება. ასევე, ორგანიზაციისვე განმარტებით, კითხვები არ არის დასმული მაჩალიკაშვილის მხრიდან ტელეფონით სარგებლობის შესახებ. კერძოდ:
- რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს მაჩალიკაშვილთან გასროლამდე?
- რატომ ესროლა თავის არეში და არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას?
- რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება?
ორგანიზაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვა ერთმანეთთან „ფუნდამენტურ შეუსაბამობაშია“. მისივე ინფორმაციით, არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. კერძოდ კი, ოთახში მყოფი სპეცრაზმელები განმარტავდნენ, რომ გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ, როდესაც სხვა სპეცრაზმელების ჩვენებით გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც უთითებენ.
ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ, პანკისის ხეობაში სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია რისკების ჯეროვანი ანალიზისა და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე, არასათანადოდ დაიგეგმა; უწყებას არ გააჩნდა სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები; გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა; ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი.
„მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ორგანიზაცია გამოძიების წინაშე დამატებით მოთხოვნებსაც აყენებს. კერძოდ, ორგანიზაცია იმ პირის მიერ, რომელმაც მაჩალიკაშვილის მისამართით ისროლა, სროლის გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის გააქტიურების შესაძლებლობის დადგენის მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს, რომელიც ორგანიზაციის მტკიცებით ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამასთან, EMC ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახლა გამოკითხვასაც ითხოვს.
დღეს ორგანიზაციის ოფისში საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებიც ესწრებოდნენ. გარდაცვლილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლებას „არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა“ და მის „გასაჩუმებლად“ საქმეს ხელოვნურად აჭიანურებდნენ.
„ამ მასალებმა ის დამანახა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად უსუსურია… სტრასბურგი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და სამართლიანად გაირკვევა, მაგრამ ჩემთვის მთავარია პარალელურად, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვიბრძოლო ბოლომდე სიმართლისათვის“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისს მიმართა. სტრასბურგმა საქმის განხილვა გასული წლის სექტემბერში დაიწყო.
მაჩალიკაშვილების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. ესენია: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი), ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)