ჯარის ნაწილები სამხედრო სამინისტროს საქართველოს დამოუკიდბელობის აღიარებას ულოცავენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 17 იანვარი, N12
სამხედრო სამინისტროში
სამხედრო სამინისტროს აუარებელი მოლოცვების დეპეშები მოსდის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო. მოგვყავს ზოგი დეპეშები:
ახალციხიდან
ჩემდამი რწმუნებული ათასეულის ოფიცრები და ჯარისკაცები აღვსილი სიამოვნებით და სიხარულით მოგილოცავთ საყვარელ სამშობლოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ფრიად სასიხარულო ფაქტი ნათლად გვიჩვენებს რომ სამშობლო და დემოკრატია მისი, რესპუბლიკანური მთავრობის მეოხებით უკვე დაადგა აყვავების გზას.
დროებით მეცხრე ათასეულის უფროსი
მაიორი ოთხმეზური
სოხუმიდან
სოხუმის გარნიზონი ბედნიერია მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის ფაქტიურად ცნობას.
პოლკოვნიკი სრესელი
მანგლისიდან
გარნიზონის სახელით მოგილოცავთ თქვენ უდიდეს ისტორიულ ფაქტს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისას საზავო კონფერენციაზე.
მანგლისის გარნიზონის უფროსი
პოლკოვნიკი გრიგოლია
ტფილისის სამხედრო აღრიცხვის ნაწილისაგან
მე და ჩემდამი რწმუნებული აღრიცხვის ნაწილის თანამოსამსახურენი, მივიღეთ რა ცნობა ჩვენი სამშობლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა უმაღლესი სიხარულის გრძნობით, სრულიად გამსჭვალულნი მოვალეობის ასრულებით სამშობლოს წინაშე, არ დავიზოგავთ ყოველ ღონეს და ძალას მართალია პატარა, მაგრამ ძლიერ საქართველოს შექმნისათვის
მაიორი ლიონიძე
ახალქალაქიდან
შეერთებული კრება ახალქალაქის ყველა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლობისა გილოცავთ დიდებულ ისტორიულ აქტს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისას გისურვებთ კვლავათაც შეგნებული მეომრობა და გვწამს, რომ მივაღწევთ თქვენის საშუალებით დღეს განთაიდისას.
კრების თავმჯდომარე კაჩულია