პრეზიდენტი ნაუსედა პრემიერ გახარიას: ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული მომავლით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაუსედამ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ძალისხმევას, ააშენოს დემოკრატიული საზოგადოება და გაწევრიანდეს ტრანსალტანტიკურ და ევროკავშირის სტრუქტურებში, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ „ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული მომავლით“.
„ვწუხვართ, რომ შარშან საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, ეძებონ კონსენსუსი, არ მისცენ გარე ძალებს საბაბი, ისარგებლონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოებით და არასტაბილურობა შექმნან, როგორც საქართველოში, ისე – მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ გახარიას უთხრა, რომ მისი ქვეყანა უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამ კუთხით, ნაუსედამ აღნიშნა: „ვგმობთ რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. ამ საკითხს საერთაშორისო დონეზე ვაყენებთ, ვინაიდან არ გვინდა, რომ ევროპამ ამ აგრესიის შესახებ დაივიწყოს, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში კონფლიქტების ახალი კერები ჩნდება“.
პრეზიდენტი ნაუსედა მიესალმა საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელებისა და დასავლეთში ინტეგრაციის საქმეში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლიეტუვა მზადაა, გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება რეფორმებით ეფექტური შედეგების მიღწევის საკითხში.
ლიეტუვის პრეზიდენტის კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამავე ინფორმაციით, საქართველო ლიეტუვას ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ლიეტუვას „საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც ბრიუსელში ივნისში გაიმართება.
„მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა „საქართველოში ლიეტუველი ვიზიტორების რიცხვის გაორმაგებას“.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)