პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაზე – „ახალი ამბიციები ევროპისთვის“ – ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და დასძინა, რომ მისი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები „ჩვენი მოქალაქეების არჩევანია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველომ რეალურ წარმატებებს მიაღწია და ამ წარმატებებს შორის მან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაასახელა.
მისივე თქმით, ქვეყანა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით „გარკვეული გამოწვევების“ წინაშე დგას. ეკონომიკაზე საუბრისას, გახარიამ აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევაა ის, თუ „როგორ ვაქციოთ ეს მიღწევები და ეს საკანონმდებლო ჩარჩო რეალურ სარგებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის“.
- პრემიერ-მინისტრი გახარია დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება
- პრეზიდენტი ნაუსედა პრემიერ გახარიას: ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული მომავლით
„საქართველოს მივიჩნევთ კარიბჭედ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ქვეყანას განვიხილავთ როგორც პლატფორმას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს შორის სავაჭრო ნაკადებს ემსახურება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოებას“.
უსაფრთხოებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შავ ზღვაზე არსებული „პრობლემები“ ახსენა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი „მთავარი პრიორიტეტია“ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც.
„როდესაც ვსაუბრობთ, თუ როგორ ვხედავთ ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობების მომავალს, გვესმის, რომ შეგვიძლია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოებაში. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ვგულისხმობთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ყირიმის ამბის შემდეგ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეკონომიკის შესახებ საუბრისას, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ჩვენ მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის, მეტად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული კავშირზე“. მისივე თქმით, „როდესაც გაქვს ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო, როგორიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, მაგრამ არ გაქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ეს ნამდვილ პრობლემებს ქმნის და ეს ნამდვილი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადალახო“.
„სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ ეტაპზე [ევროკავშირში] არ არსებობს პოლიტიკური მზაობა ნამდვილი პოლიტიკური საკითხების განხილვისთვის, როგორიცაა წევრობა… მაგრამ ჩვენი მხრივ, მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ და ვხედავთ, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან დასაახლოვებლად“, – განაცხადა პრემიერმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.
თავის გამოსვლაში, გახარიამ რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სწორედ ამ ფაქტის წინაშე დგანან ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად“. მან ასევე განაცახდა, რომ „საქართველოს მთავრობა მზადაა, კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს“.
გახარიას თქმით, „ჩვენს მეგობრებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა ამ ძალიან რთულ რეგიონში“.
Attended the opening ceremony of the 50th Annual Meeting of the #WEF20 today in @Davos, Switzerland. #Georgia is joining discussions on ways we can work together to deliver a better and more sustainable future for our citizens. pic.twitter.com/831aqUAzFi
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 21, 2020
დავოსში პრემიერ-მინისტრმა რიგი შეხვედრები გამართა პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიისა და ლიეტუვას პრეზიდენტებთან, ასევე თავის ბულგარელ, ხორვატ, ესტონელ და სლოვენიელ კოლეგებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის იყვნენ Citigroup Inc, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)