ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური იზორიას ძმის საქმეს ეხმაურებიან
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსის ლევან იზორიას ძმის დაკავების ამსახველი კადრების გავრცელებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ლევან იზორია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირველ კომენტარებს აკეთებენ.
გავრცელებული ვიდეოს შესახებ გუშინ POSTV-ის ეთერში ვრცლად ისაუბრა თავად ლევან იზორიამ და ვიდეოს გასაჯაროება „სპექტაკლად“ და „პოლიტიკური შოუს ნაწილად“ შეაფასა. მისი განმარტებით, პოლიტიკურ ოპონენტებს მისი გერმანიაში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და ვიდეომასალის გავრცელებით, მათ სურდათ, რომ მომხდარისთვის „გარკვეული პოლიტიკური სარჩული მოეძებნათ“, რადგან ეთქვათ, რომ მისი „დასჯა“ მათ მიერ მოპოვებული და გავრცელებული კადრების საფუძველზე მოხდა.
„ჩემთვის მყარ საფუძველს იძენს ის ვარაუდი, რაც მქონდა, რომ ხდებოდა შესაბამისი დროის შერჩევა [ვიდეოს გასავრცელებლად]. მე ვფიქრობ, რომ ეს დრო მათ ჰქონდათ წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ემოციური მუხტისთვის, თუმცა შეარჩიეს სწორედ ის დღე, როდესაც განცხადება დავწერე – 23 იანვარს [სამსახურის დატოვების შესახებ] და 24-ში გადავუგზავნე კანცელარიას და, შესაბამისად 23-ში [საღამოს] ცხრა საათზე ხდება ამ ვითომ უცბად აღმოჩენილი კადრების გამჟღავნება, რომელიც საგულდაგულოდ იყო შენახული“, – უთხრა მან ჟურნალისტს.
მისივე განმარტებით, მან ინციდენტის შესახებ მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ შეიტყო და მას პოლიციელის მიმართ „უკმაყოფილების განცდა არ გასჩენია“, პირიქით, იზორიამ განმარტა, რომ ეს ადამიანი მომხდარის შემდეგ, სისტემაში დარჩა და საქმიანობას განაგრძობდა. დაზვერვის ყოფილმა შეფმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ მისი ძმის დაკავებაში მონაწილე პოლიციელის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას, ჩარევას ან უკმაყოფილების გამოხატვას ადგილი არ ჰქონია და ეს არის „ყოვლად მიუღებელი“.
ლევან იზორიას შეფასებით, მისი ძმის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და ის მხოლოდ „ემოციას“ და „აგრესიას გამოხატავდა, რაც „რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი“, თუმცა, მისივე განმარტებით, იგი ვახტანგ იზორიას ქცევაში „დაკავების საფუძველს“ და „დიდ კრიმინალს“ ვერ ხედავს. მანვე იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ძმის ხელში ე.წ. „ნარუშილოვკის“ არსებობის შესახებ მან მხოლოდ „ამ კადრების შემდეგ გაიგო“ და პიროვნება, ვინც მის ძმას „ნარუშილოვკა“ მისცა, გამოვლინდა და უკვე დაისაჯა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ასევე თქვა, რომ ყოფილი პოლიციელის გიორგი დვალიშვილის წინააღმდეგ დევნას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, იგი მომხდარის შემდეგ სისტემაში მუშაობას განაგრძობდა და ის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე მხოლოდ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადაიყვანეს. მანვე განმარტა, რომ დვალიშვილი ვალდებული იყო, რომ სავარაუდო დანაშაულის ამსახველი კადრები გენერალური ინსპექციისთვის გადაეცა და ისინი არ უნდა შეენახა.
მისივე შეფასებით, ვახტანგ იზორია პოლიციელებს ხელით შეხებია და მხოლოდ აგრესიულად საუბრობდა, რაც გომელაურისვე განმარტებით, დანაშაული არ არის. „მანამდე რა მოხდა, იცით? იქნებ, ისინი აყენებენ შეურაცხყოფას?“, – უპასუხა მან ჟურნალისტს. კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა ვახტანგ იზორიას ე.წ. „ნარუშილოვკა“, გომელაურმა თქვა, რომ არ იცის.
გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, საპატრულო პოლიციამ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვახტანგ იზორიას ავტომობილი გააჩერა. პოლიციის ქმედებით უკმაყოფილო იზორიას პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ, იზორიამ სამართალდამცველები სიტყვიერად შეურაცხყო და მათ დაემუქრა. პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ხელბორკილი დაადო და პოლიციის მანქანაში ჩასვა.
კადრებში ჩანს, რომ დაკავებულმა იზორიამ პატრულის შეურაცხყოფა და მუქარა განაგრძო და აღნიშნა, რომ იგი ლევან იზორიას ძმაა. ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ მოგვიანებით მომხდარის ადგილზე შს სამინისტროს სხვა თანამშრომელი და ლევან იზორიას მძღოლიც მივიდა, რის შემდეგაც დაკავებული იზორია გაათავისუფლეს, ავტომობილი დაუბრუნეს, პოლიციამ კი მას მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა.
ამავე არხის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეომასალის მიხედვით, მოგვიანებით ვახტანგ იზორიას ოპერატიულ საშვი, ე.წ. „ნარუშილოვკა“ დაუმზადეს, რომლის ჩვენების შემთხვევაშიც პოლიცია ვალდებულია, რომ გაჩერებული პირი შემოწმების გარეშე გაუშვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)