პრეზიდენტი ზურაბიშვილი PACE-ს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საუკუნეების განმავლობაში, საქართველო წარმოადგენდა ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს – აზიასა და ევროპას აკავშირებდა“.
„საუკუნეების განმავლობაში, საქართველო იზიარებდა და იცავდა თავისუფლებისა და შემწყნარებლობის იმავე ღირებულებებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა“.
„საქართველო ჩამოყალიბდა თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
PACE-ში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა რიგ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ადამიანის უფლებებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
რუსული ოკუპაცია
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის თავზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში „მუდმივად უარესდება“. „საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს „მუდმივად ეზღუდებათ უფლებები – ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა; იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება- როგორც ქართულად, ისე – აფხაზურად და ოსურად; მიმდინარეობს რუსიფიკაცია“. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „გრძელდება ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია გალის ტერიტორიაზე, სადაც ისინი უმცირესობაში არიან“.
„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია, ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი – არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან – სოფელს, ხან კი -სასაფლაოებს ჰყოფს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
- ზალკალიანი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში PACE-ს სესიაზე სიტყვით გადმოვიდა
- საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა
მისი განმარტებით, საქართველო თავისი სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება და ხელს უწყობს „ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის“.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული მოლაპარაკებების ფორმატები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები არაეფექტურია, რადგანაც „როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას“.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „დღევანდელი მდგომარეობით, ვერცერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცოხლდეს, აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს“.
Georgian President @Zourabichvili_S tells the @CoE Assembly of her goal of "equal opportunities and equal treatment, at every level, in every part of Georgia". Watch live: https://t.co/3IhvfMJ3xf pic.twitter.com/SBDhDGfr47
— PACE (@PACE_News) January 28, 2020
ზურაბიშვილმა მოუწოდა პარტნიორებს, რომ „რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, განსაკუთრებით – დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად – ადამიანების გაერთიანებისკენ“.
„საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგითი მოქალაქეების კეთილიდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას განსაზღვრავს და ამ ქმედებას კრძალავს. მან ასევე ისაუბრა ახლახან მიღებულ კოდექსზე ბავშვა უფლებების შესახებ, შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებულ ახალ კანონზე და ხაზი გაუსვა კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს.
საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეროვნული უმცირესობები იმდენად შეუზღუდავად სარგებლობენ თავიანთი კულტურული, მშობლიური ენისა და ტრადიციების რეალიზების უფლებით, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნული წარმოშობის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას“.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა“. მისი თქმით, „ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის“.
საპარლამენტო არჩევნები და სხვა საკითხები
თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის“.
„სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ჰყოფს ჩვენს საზოგადოებებს, აღვივებს უნდობლობას. ყალბ ინფორმაციასთან (fake news) და დეზინფორმაციასთან ერთად, პოლარიზაცია გარე გავლენებისთვის სასურველ ნიადაგს ქმნის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგაც“.
მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. „დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს“, ხოლო „სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს“.
ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „პარლამენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა“. მისი თქმით, დაინიშნა მხოლოდ 14 წევრი და პროცესს შემდეგი პარლამენტი დაასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)