ამერიკელი კონგრესმენი „ოლიგარქ“ ივანიშვილს „ფრონტერასა“ და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო აკრიტიკებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 28 იანვარს გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კომპანია „ფრონტერას“ (Frontera Resources), ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო გააკრიტიკა.
„მაქვს კითხვა: რა საერთო აქვს „სეზამის ქუჩის“ პერსონაჟ „ბუზღუნა ოსკარს“ ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან? რა აქვთ მათ საერთო? პასუხი – ორივე მათგანი მარიონეტია, რომლებიც საკუთარ სახლებს ანაგვიანებენ“, – განაცხადა კონგრესმენმა და დასძინა, რომ „ვლადიმირ პუტინის მარიონეტი [ბიძინა ივანიშვილი] თავს დაესხა ინვესტირებას საქართველოში და დააზიანა ადამიანის ძირითადი უფლებები“.
What do @OscarTheGrouch and oligarch Bidzina #Ivanishvili have in common? They’re both puppets who’ve trashed their homes. Today I spoke on the House floor in support of the Georgian people demanding an end to @GovernmentGeo corruption and Russian influence in their country. 🇬🇪🇺🇸 pic.twitter.com/OXhsXvFPei
— Rep. Pete Olson (@RepPeteOlson) January 28, 2020
შემდეგ, მან აღნიშნა, რომ „ფრონტერა“, რომელიც ტეხასიდანაა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში. მათ შექმნეს სამუშაო ადგილები ამერიკაში, სამუშაო ადგილები საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება… ახლა ისინი ვერანაირ სიკეთეს ვერ ქმნიან საქართველოში“.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი საქართველოს ნავთობზე კონტროლის მოპოვების გამო ბედნიერია. ეს მარიონეტი ივანიშვილი კი – ქართველი ხალხის ხარჯზე მდიდრდება“.
„გამოღვიძების დროა, რადგანაც მათ, ვინც ამას საქართველოში აპროტესტებს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რათა ხმა ამოვიღოთ საქართველოს თავისუფლებისთვის“, – დასძინა მან.
26 იანვარს, საქართველოს ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდაჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)