იუსტიციის მინისტრ წულუკიანის სიამაყე და მცდარი აზრი
გასულ კვირას, სახალხო დამცველის რწმუნებულთა პერსონალური მონაცემების დარღვევითა და ომბუდსმენის მიერ მონახულებულ პატიმართა ვინაობის გასაჯაროებით, იუსტიციის მინისტრმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ომბუდსმენის აპარატის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში წლობით ნაშენებ რეპუტაციას. ამით, ქალბატონმა თეა წულუკიანმა არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვია, არამედ – სისხლის სამართლის დანაშაულიც ჩაიდინა.
თავდაპირველად, იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამართულ განხილვას მოჰყვა. ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, პრივილეგირებული პატიმრები („მაყურებლები“) მონახულებულ ციხეებში მნიშვნელოვანი გავლენებით სარგებლობენ და ფაქტობრივად, ციხეებს ადმინისტრაციასთან ერთად მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ CPT-ის* მიერ წარდგენილ ანალოგიურ ანგარიშს იუსტიციის სამინისტრო დაეთანხმა, წულუკიანმა მსგავსი კრიტიკის საქართველოს სახალხო დამცველისაგან მიღება იუკადრისა და ანგარიშის გადაფარვა პირადი შეურაცხყოფებით სცადა.
მინისტრმა ანგარიში „ჭორად“ მიიჩნია, ლომჯარიას გრამატიკა დაუწუნა, უსაყვედურა პენიტენციურ დაწესებულებათა მონახულების რაოდენობა და მიკერძოებაშიც დაადანაშაულა. მინისტრმა წულუკიანმა კომიტეტს აგრეთვე უჩვენა ომბუდსმენის რწმუნებულის პატიმართან შეხვედრის ამსახველი ვიდეოც. ქალბატონმა მინისტრმა გაიკვირვა, რომ ერთ-ერთ საკანში ომბუდსმენის წარმომადგენელი პატიმართან რამდენიმე საათს დარჩა, რა დროსაც დალია ამ უკანასკნელის მოდუღებული ყავა და შეჭამა მისი შოკოლადი. მინისტრმა თქვა, რომ ეს რწმუნებულის არაპროფესიონალიზმზე მიანიშნებდა და რომ დახეული ჯინსის შარვლით მას „ოპერაშიც კი არ შეუშვებდნენ“.
პერსონალური მონაცემების დარღვევის დასადგენად სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა მოპოვების კანონიერება, შენახვა და გავრცელება იმ ვიდეოსი, რომელშიც რწმუნებულის სახეც კი არაა დაფარული. სახალხო დამცველის თქმით, საგულისხმოა, რომ მსგავს ვიდეოს პენიტენციური სამსახური 8 თვის განმავლობაში ინახავდა. ეს მაშინ, როცა ხშირად პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი კადრების მოპოვება საერთოდ ვერ ხერხდება.
მინისტრმა არჩეულ სტრატეგიას არც ორი დღის შემდეგ გადაუხვია, როდესაც ლომჯარია N9 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა (რომელიც იუსტიციის მინისტრს ექვემდებარება) ლომჯარიას ციხეში მისვლის შესახებ აცნობა მედიას. მეტიც, მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა იმ პატიმართა ვინაობები, რომელთაც ომბუდსმენი გაესაუბრა.
ომბუდსმენის შეფასებით, ეს ქმედება სახალხო დამცველზე ზემოქმედების ნიშნებს შეიცავს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. მინისტრი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სახალხო დამცველზე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, რაკი მას პატიმრებთან სტუმრობაში ხელი არ შეშლია. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ლომჯარიას ადრე მედიისთვის თავადაც განუცხადებია, თუ ვის ხვდებოდა ციხეში ვიზიტის დროს.
იუსტიციის მინისტრის რწმენა საკუთარი უდანაშაულობისადმი მცდარია. სახალხო დამცველზე ზემოქმედება, როგორც დანაშაული, არ გულისხმობს მხოლოდ მის პიროვნებაზე ფიზიკურ თავდასხმას. გარდა ომბუდსმენისთვის ფიზიკური დაბრკოლების შექმნისა, ციხეში მისი არშეშვების სახით, ეს დანაშაული მიემართება სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუციის საქმიანობისათვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნასაც.
სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრას ციხის სუბკულტურაში (განსაკუთრებით, ღია დაწესებულებებში), განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არ არის უბრალოდ უფლებით სარგებლობა, ეს ნიშანდობლივი გზავნილია, როგორც ციხის ადმინისტრაციისა და ზოგადად სისტემის, ისე – სხვა პატიმრების მიმართ. სახალხო დამცველთან შეხვედრა არსებული სიტუაციისადმი პროტესტის გამოხატვაა, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება ხოლმე.
ანგარიშში, რომელმაც იუსტიციის მინისტრი ასე გააღიზიანა, მითითებულია შემთხვევები, როცა სახალხო დამცველის რწმუნებულებთან თავისუფლად ლაპარაკს პატიმრებს სხვა, პრივილეგირებული პატიმრები უშლიდნენ. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ომბუდსმენის აპარატი ყველაფერს აკეთებს პატიმართა ნდობის მოსაპოვებლად, რის მთავარი საძირკველიც სახალხო დამცველთან მათი კავშირის კონფიდენციალობის დაცვაა.
სახალხო დამცველის პატიმრებთან კონტაქტის უმთავრესი პრინციპი სწორედ კონფიდენციალობაა. არა მხოლოდ განმცხადებელთან ომბუდსმენის შეხვედრის შინაარსი, არამედ – თავად შეხვედრის ფაქტიც კონფიდენციალური უნდა იყოს. განმცხადებლის ნების გარეშე, სახალხო დამცველის აპარატი არ დგამს არცეთ ნაბიჯს, არ ასაჯაროებს შემთხვევას, არ აგზავნის წერილს. თუკი სახალხო დამცველი საჯაროდ საუბრობს ციხეში მის მიერ მონახულებულ პირზე, მას ყოველთვის აქვს შესაბამისი პატიმრის ნებართვა ვიზიტის ფაქტის გასაჯაროებაზე. სხვაგვარად არ შეიძლება. სხვანაირად დაიკარგება იმ ათი ათასამდე პატიმრის ნდობა, რომელიც ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებებშია მოთავსებული.
რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამხელა დარტყმა მიაყენა სახალხო დამცველისადმი პატიმრების ნდობას იუსტიციის მინისტრმა. თავდაპირველად ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრის ვიდეოს გასაჯაროებით, შემდეგ კი იმ ადამიანების ვინაობების საჯაროდ დასახელებით, რომელთაც სახალხო დამცველი შეხვდა, მინისტრმა წულუკიანმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნა მათ. მან პატიმრებს უთხრა, რომ სახალხო დამცველთან მათი შეხვედრის ფაქტი შესაძლოა კონფიდენციალური არ დარჩეს და მათი სახელები სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე აღმოჩნდეს.
ეს პრეცედენტი საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც პატიმრებთან მუდმივ კონტაქტს გულისხმობს. მინისტრის ქმედებები გასცდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების დარღვევისა თუ პოლიტიკური განაცხადების მასშტაბს. ერთია პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პერსონალური ბრალდებები, მაგრამ აშკარაა, რომ ამჟამად პატიმრებისთვის „მსუსხავი ეფექტის“ შექმნით მინისტრი ცდილობს, გაართულოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით სახალხო დამცველის მიერ ნაკისრი წამების პრევენციისა და პენიტენციური სისტემის მონიტორინგის ფუნქცია. ეს არის საკომიტეტო მოსმენაზე დაწყებული თავდასხმის გაგრძელება, რომლის უპირველესი მიზანიც სწორედ სახალხო დამცველის საქმიანობის ეფექტურობის შემცირება და ამ გზით მასზე ზემოქმედებაა.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე – უბრალოდ სიამაყე. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
This post is also available in: English (ინგლისური)