საქართველოს პრეზიდენტის კითხვა-პასუხის სესია PACE-ს სხდომაზე
28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე 47 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„სამოქალაქო საქართველო“ PACE-ს წევრების მიერ დასმულ კითხვებს და პრეზიდენტის პასუხებს გთავაზობთ:
ალექსანდრე პოცეი (პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები): „ქალბატონო პრეზიდენტი, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და როგორც იცით, ყველა პოლონელი საქართველოს მეგობარია. მაგრამ, საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესმა და ევროპარლამენტმა, შეშფოთება გამოხატა საქართველოში არსებული სამწუხარო ტენდენციების გამო, განსაკუთრებით ივნისში ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ.
27 ნოემბერს, ბატონმა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ოპოზიციის ბევრ ლიდერს ციხეში მოუწევს წასვლა და მაშინვე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არ გაწუხებთ ეს ორი საკითხი?“
ფრანკ შვაბე (გერმანია, სოციალ/დემოკრატები და მწვანეთა ჯგუფი (SOC)): „ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ LGBTI თემის მდგომარეობა თქვენ ქვეყანაში და აღნიშნეთ, რომ რთული სიტუაციაა ამ კუთხით. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თქვენ თავად, პოლიტიკურ წარმომადგენლებს, რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენ ქვეყანაში ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
… საქართველოში ძალიან პოლარიზებული სიტუაციაა და თქვენ აღნიშნეთ და აღწერეთ ეს. როგორია თქვენი პოზიცია და რისი გაკეთება შეგიძლიათ ამგვარი პოლარიზების შესამცირებლად, რაც არ არის სასარგებლო არც ხალხისთვის და არც ქართული დემოკრატიისთვის“.
მარტინ პოლიაჩიკი (სლოვაკეთის რესპუბლიკა, ALDE): „ქალბატონო პრეზიდენტო, მე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს; რას ფიქრობთ ყალბ ახალ ამბებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობის თაობაზე, რადგანაც დეკემბერში Facebook-მა საქართველოში ასობით გვერდი და პროფილი წაშალა, როგორც ითქვა, არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამო“.
Facebook-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამ გვერდების სამიზნე ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის თანახმად, ამ გვერდების სამიზნე ოპოზიციური პოლიტიკოსებია და ისინი ანტი-ევროპულ პროპაგანდას და გზავნილებს ავრცელებენ და შესაძლოა ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში.
რა გაკეთდა ამ წუხილების აღმოსაფხვრელად?
ოლექსი გონჩარენკო (უკრაინა, EC/DA): „გამარჯობა, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: თქვენი ქვეყნის – საქართველოს, ჩემი ქვეყნის – უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრეესიის შედეგები საშინელია. მაგრამ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ევროპის საბჭოს სტატუტის დარღვევას, ამ ასამბლეის რეზოლუციების უგულებელყოფას.
რა შეიძლება გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, ზოგადად, და ევროპის საბჭომ, საქართველოს თავმჯდომარეობის დროს, რათა აიძულოს რუსეთი საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს. მხარს უჭერთ რუსეთის ფედერაციისთვის რამდენიმე სანქციის დაკისრებას, ასევე თქვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის?“
ლეონიდ კალაშნიკოვი (რუსეთის ფედერაცია)*: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მასპინძლობდა. ახლა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომას ჩავატარებთ, მანამდე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის შეხვედრა გაიმართა.
მე დავინახე დაცვა, რომელიც თქვენ გიცავთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოლია ასეთი დაცვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი ცემეს და თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის მასპინძელმა, თქვენ არა მხოლოდ არ გაამტყუნეთ, არამედ პირიქით, მიესალმეთ თქვენი ხულიგნების ქმედებებს.
ფიქრობთ, რომ თქვენი ქვეყანა სახიფათო გახდა არა მხოლოდ დემოკრატიული თავისუფლებებისთვის, რომლებიც ახსენეთ [გამოსვლაში]: გეი, ებრაელი, სხვა ეროვნული უმცირესობები, ქალები, არამედ ახლა უკვე პარლამენტებისთვის“.
(*ლეონიდ კალაშნიკოვი რუსულად საუბრობდა – რედაქტორის შენიშვნა)
მარი-კრისტინ დალოსი (საფრანგეთი, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები)*: „აგვისტოდან დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის შერჩევის და წარდგენის პროცესი აწარმოა. კანდიდატთა შერჩევის პროცედურები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კურირებდა, მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. PACE-ს მომხსენებლებმა სინანული გამოთქვეს იმ პირთა წარდგენის გამო, რომელთაც არ აქვთ საკმარისი იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა ამ მნიშვნელოვანი პოზიციისთვის. რა ზომების მიღებას გეგმავს საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის?“
(*მარი-კრისტინ დალოსი ფრანგულად საუბრობდა – რედაქტორის შენიშვნა)
ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC): „როგორც მომხსენებელმა საქართველოს შესახებ, მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი კონკრეტული გეგმები, ასევე პოლიტიკური და საკონსტიტუციო ქმედებები იმ ვალდებულებებზე პროგრესის მხარდასაჭერად, რომელიც საქართველომ 20 წლის წინ, გაწევრიანების შემდეგ აიღო, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის, საარჩევნო კანონმდებლობის და რეგიონული უმცირესობების ენების თაობაზე ევროპული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის კუთხით.
მახსენდება ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან აკავშირებით.
რაფაელ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი, ALDE): „ქალბატონო პრეზიდენტო, აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია, რომლებიც ბევრი ენერგოპროექტის განხორციელებას უწყობენ ხელს. ამ მუშაობის და იდეების სამაგალითო ერთობის წყალობით, ჩვენ გავხსენით დერეფანი და ჩვენმა რეგიონმა დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო, სტაბილური და ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომი“.
მანამდე, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, თქვენ აღნიშნეთ, რომ სატრანსპორტო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, და განაცხადეთ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელეს აზიის, ჩინეთის და ევროპის ინტეგრირებისთვის, თუმცა ამ უმოკლესი მარშრუტის შესაძლებლობები ჯერ სრულად არ არის გამოყენებული.
რა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი უახლოეს პერსპექტივაში?
ჯონ ჰოუელი (გაერთიანებული სამეფო, EC/DA): „თქვენ ისაუბრეთ საქართველოს ჩართულობაზე მსოფლიო პრობლემებში, თქვენი ბექგრაუნდის გათვალისწინებით, რისი გაკეთება შეგიძლიათ ირანში არსებული ვითარების დასახმარებლად?“
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხები
საქართველოს პრეზიდენტმა კითხვებს თანმიმდევრულად უპასუხა და აღნიშნა, რომ „გავრილოვის ღამის“ მოვლენები ორად უნდა გაიყოს.
„ქართულმა საზოგადოებამ პირველი უკმაყოფილება, ძალიან სპონტანურად, იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვა, რომ რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში და სიტყვითაც გამოვიდნენ, რაც მიუღებელი იყო ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია [რუსეთის მიერ]“, – განაცხადა მან და დასძინა: „მე და არც არავინ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვინმეს უნდა სცემონ, მაგრამ მათაც თავშეკავება მართებთ“.
„მაგრამ მეორე რაც მოხდა ბატონი გავრილოვის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] გადადგა, რადგანაც ეს ინციდენტი მოხდა და მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
(პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადადგა მას შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრაცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა, რა დროსაც სულ ცოტა 240 ადამიანი დაშავდა. თუმცა, არც ერთი რუსი დეპუტატი არ უცემიათ – რედაქტორის შენიშვნა).
ზურაბიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ხელმძღვანელობდნენ „პარლამენტის ხელში ჩაგდების“ მცდელობებს 20 ივნისის ღამეს, რამაც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს საფრთხე შეუქმნა. „არ ვიცი არც ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც დაუშვებდა პარლამენტის ძალით ხელში ჩაგდებას“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ საკუთარი თავი საკმაოდ კარგად დაიცვა“.
- პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა
- „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან
საქართველოში ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არა მგონია, რომ ეს საკითხი უნდა გავაზვიადოთ“. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მან განაცხადა, რომ „არ არსებობს რაიმე ცენტრალიზებული დისკრიმინაცია, არც ჩემ ადმინისტრაციაში, არც რომელიმე სხვა ადმინისტრაციაში; ინდივიდუალურად რაიმე საკითხები არ დგას“.
„ვფიქრობ, წინ მივდივართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ძალადობის აღკვეთის კუთხით“, – განაცხადა მან.
რადიკალური ჯგუფები გეი თემატიკაზე შექმნილი ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან
14 ივნისის აქციაზე პოლიციამ 28 პირი დააკავა
ზურაბიშვილმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირადად მასზე მუდმივად ხდება ზეწოლა ყალბი ინფორმაციის, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა თქვა მან. „დიახ, სოციალური მედია სავსეა სხვადასხვა ანგარიშებით და ჩემი პირად გვერდზე მუდმივად ხდება თავდასხმები ბოტების მხროდან, ასევე სხვა ტიპის თავდასხმები“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ ერთი არჩევანია, „ან პატივი ვცეთ გამოხატვის თავისუფლებას სოციალურ მედიაში, ან დავიწყოთ შეზღუდვები“. თუმცა, მისი თქმით, „ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც შეზღუდვები დაიწყეს“.
„მე თავად ვიყავი ისეთი პლატფორმის ხელშეწყობის მომხრე, რომელიც დეზინფორმაციის, ყალბი სიახლეების, სიძულვილის ენის საკითხების მოგვარებისკენ იქნებოდა მიმართული, ვინაიდან ეს ყველაფერი ერთობლიობაში ხდება და ჩვენ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ფაზაში შევდივართ. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობელი გვყავს, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს და იყენებს კიდეც სხვა ქვეყნების დეზინფორმაციას ან ყალბ ამბებს; ამიტომ რაღაც ტიპის რეგულირება გვჭირდება, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, რაც რთული ამოცანაა“, – განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და არღვევს რეზოლუციებს, რაც გრძელი ისტორიაა, რომლის მოწმენიც ვართ“. შემდეგ მან მოუწოდა ევროპის საბჭოს, რომ „რაც შეიძლება თანაბარი სტანდარტები უზრუნველყოს ყველა ქვეყნისთვის“, რადგანაც „ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შეთანხმებას, რომელიც ვიკისრეთ“.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსი დელეგატის შეკითხვას „ძალიან საინტერესო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მაისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს და საქართველო აპირებს გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენი ნებართვის გარეშე სტუმრობდნენ, ჩვენ ტერიტორიაზე შემოსვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს, რაც რუსეთის დელეგაციის წევრებს [საქართველოში] შემოსვლის საშუალებას არ მისცემს“.
„მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს – ვაპირებთ, პატივი ვცეთ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას საპარლამენტო ასამბლეის წესები და რეგულაციები, ასევე ამ ორგანიზაციის პრინციპებისადმი ერთგულება გვკარნახობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან იქვე დასძინა, რომ „ამას მოსახლეობა ადვილად არ მიიღებს. მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ვინაიდან ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვართ“.
დალოსის კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ მოსმენები მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე ტელევიზიით გადაიცემოდა და ღია იყო საჯარო განხილვისთვის, რამაც მთელ პროცესს გამჭირვალობა შესძინა, ხოლო მეორე მხრივ, დაისვა კითხვები შერჩევის კრიტერიუმებისა და კონკრეტული კანდიდატების შერჩევის თაობაზე.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საბჭოთა წარსული აქვს, როდესაც სასამართლო სისტემა სრულიად დისკრედიტირებული იყო“. „ეს ერთ დღეში ვერ შეიცვლება“, – დასძინა მან. ზურაბიშვილის თქმით, ODIHR-ის რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ვინაიდან შერჩევის პროცესი დროებით შეჩერდა. მან იმედი გამოთქვა, რომ შერჩევის ხარისხი და ყველა სხვა აქტუალური საკითხი შერჩევის პროცესის განახლებამდე გაუმჯობესდება.
- OSCE/ODIHR მიესალმება უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე მმართველი გუნდის განცხადებას
- ოცნება საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განიხილავს
ზურაბიშვილმა საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან გაავლო პარალელი. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგანაც ეს „პარტიული“ საკითხია და მისი თქმით, იგი მიუკერძოებელი უნდა იყოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტი. თუმცა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თაობაზე აქტიური დისკუსია გაიმართა, რომელშიც საპარლამენტო პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეებიც მონაწილეობდნენ.
მან ასევე განაცხადა, რომ „2024 წლიდან არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება“. ზურაბიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ყველა თუ არა, OSCE/ODIHR-ის უმეტესი რეკომენდაციები შესრულდება მომავალ არჩევნებამდე.
პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საქართველოს ახლო მეზობელთან, აზერბაიჯანთან მეგობრულ ურთიერთობებზე. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგო პროექტები, როგორიცაა TRACECA ან ახალი გაზსადენი რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას უწყობს ხელს. ზურაბიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც ახსენა, როგორც საქართველოს საზღვაო და კომერციული შესაძლებლობების გამოყენების საშუალება.
პრეზიდენტის თქმით, ფართო რეგიონში ბოლოს დროს სიტუაციის ესკალაციამ [აშშ-ირანის კრიზისი] უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოზე. მისი თქმით, საქართველო საუკუნეების მანძილზე მიისწრაფვოდა მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას მეზობლებთან. თუმცა, „ბოლო წლებში, რუსეთის ქმედებების გამო, საქართველომ დაკარგა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესაძლებლობა“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)