ზალკალიანი ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 30 იანვარს ეუთოს მუდმუვმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა საქართველოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ეუთოსთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ადამიანური განზომილება მტკიცე კავშირია ორი ორგანიზაციის საქმიანობებს შორის“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით, ზალკალიანმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

აშშ-ის განცხადება

მიესალმა რა დავით ზალკალიანს მუდმივმოქმედ საბჭოზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა განაცხადა, რომ „საქართველოს მიერ მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენი ქვეყნის წვლილს საერთაშორისო თანამეგობრობაში“.

ელჩი გილმორის თქმით, „მიუხედავად მნიშვნელოვანი გარე საფრთხეებისა მისი უსაფრთხოების მიმართ“, საქართველო „უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყნიდან უსაფრთხოების დამცველ ქვეყნად გადაიქცა“. „დღეს საქართველო ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ერთგული კონტრიბუტორია. ვაფასებთ საქართველოს თავგანწირვას და ძალისხმევას ავღანეთში უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შემდეგ, მან აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიული ქცევით და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებებით, რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს“.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის დონბასის რეგიონიდან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დააბრუნოს საკუთარი სამხედროები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს [ოკუპირებულ რეგიონებში] შესვლის საშუალება მისცეს“, – განაცხადა გილმორმა.

თავის გამოსვლაში, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს წვლილის ძლიერი მხარდამჭერი რჩება“.

ვენაში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ეუთოს გენერალურ მდივანს თომას გრემინგერს შეხვდა და ევროპის საბჭოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში „ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“ განიხილა. იგი ასევე შეხვდა ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირს.

ასევე წაიკთხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)