პროკურორის შესაძლო დაბრუნება: რა უნდა გვახსოვდეს ირაკლი შოთაძის შესახებ?
ირაკლი შოთაძე, საქართველოს ბოლოსწინა გენერალური პროკურორი, ოცთვიანი პაუზის შემდეგ თანამდებობაზე დაბრუნებისათვის ემზადება. თუმცა, ვნებათაღელვა საქმეზე, რომლის გამოც შოთაძე გადადგა, ჯერ კიდევ არ დამცხრალა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ბოლო გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებულ მოსამართლეთა რიგებს შეუერთდა. 17 იანვარს საპროკურორო საბჭომ, რომელიც უწყების ხელმძღვანელის შერჩევის პროცესს განკარგავს, 17 კანდიდატიანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი პარტიის უპირობო ფავორიტი – ირაკლი შოთაძე – გვხვდება. თუ საბჭო შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს და შემდეგ ეს უკანასკნელი მას მხარს დაუჭერს, შოთაძე თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაუბრუნდება.
ირაკლი შოთაძე „ხორავას ქუჩის საქმის“ გამო აგორებულ საპროტესტო ტალღას 2018 წლის მაისში გადაჰყვა. საქმის შესასწავლად შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურის საქმიანობაში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა. აღნიშნული, პირველ რიგში, მირზა სუბელიანის – მთავარი მოწმის ბიძის – გამოძიების პროცესში უხეშ ჩარევაში გამოიხატებოდა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში შოთაძე წინა ხელისუფლების (ენმ) მხრიდან „პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე“ საუბრობდა და ამბობდა, ჩემი ხელმძღვანელობით ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს კანონის წინაშე პასუხი ვაგებინეთო. შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ მისი სისტემიდან წასვლით მოქალაქეებს პროკურატურის მიმართ ნდობას აღუდგენდა.
იმ დროს მმართველი გუნდის პოლიტიკოსები შოთაძის საქციელს მოწონებით შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი შოთაძის ნაბიჯი საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის „ახალი სტანდარტის“ დამკვიდრებად შეაფასა. „ოცნების“ წევრები შოთაძის დაბრუნების პერსპექტივის გამო ისეთივე კმაყოფილებას გამოხატავენ, როგორსაც წინათ – მისი გადადგომის გამო. ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მაშინაც არ მომწონდა და ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლიაო, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შოთაძის მიერ „გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი“ გაიხსენა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შოთაძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში კენჭის საყრელად ვიხილოთ. მისი მოადგილე მამუკა მდინარაძე არ ორჭოფობს და ამბობს, რომ „თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ… გუნდიც ამ აზრს გაიზიარებს.“
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სასწორი სწორედ ირაკლი შოთაძის მხარესაა გადახრილი. სანამ შოთაძე მთავარი პროკურორის სავარძელს დაბრუნებია, ვეცდებით, მის „პირად საქმეში“ ჩაგახედოთ.
როგორ ირჩევენ გენერალურ პროკურორს?
პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალური პროკურორის ასარჩევად საპროკურორო საბჭო აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან ერთთვიან კონსულტაციებს მართავს. შოთაძის კანდიდატურა საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. ამის შემდეგ, საბჭო სულ მცირე სამ კანდიდატს არჩევს, რომელთაც ცალ-ცალკე კენჭს უყრიან. კანდიდატი, რომელიც ფარულ კენჭისყრაში ყველაზე მეტ ხმას (მაგრამ არანაკლებ საბჭოს წევრთა ორი მესამედისა) მიიღებს, საქართველოს პარლამენტს წარედგინება. პარლამენტს კანდიდატის დამტკიცება მარტივი უმრავლესობით (76 ხმა) შეუძლია, ჩაგდების შემთხვევაში კი პროცედურა ხელმეორედ იწყება. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 90-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ მას შოთაძის არჩევა არ გაუჭირდება.
ხორავას ქუჩის საქმე
2018 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოკლული დავით სარალიძის საქმე მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადააკვალიფიცირა. სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის ქუჩებში მასობრივი დემონსტრაცია მოჰყვა. ზაზა სარალიძე, მოკლულის მამა, 2017 წლის დეკემბერში ქუჩური გარჩევის დროს დაღუპული მისი ვაჟის „ნამდვილი მკვლელების“ დასჯას მოითხოვდა. სარალიძემ ბრალი პროკურატურის თანამშრომელ მირზა სუბელიანს დასდო და თქვა, რომ იგი თავის ძმისშვილ მიხეილ კალანდიას (საქმის მთავარ მოწმეს) ხელს აფარებდა. ირაკლი შოთაძე პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას დაჰყვა და გადადგა. სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოძიების დროს შოთაძის ქმედებებში სამსახურეობრივი გულგრილობის, ისევე როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები დაადგინა. კომისიამ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმე აღეძრათ. 6 ივნისს სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 9 ივნისს დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის ბრალდებით კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანიც დააკავეს.
სუბელიანმა თავი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ „გამოიჩინა“, როდესაც ჯერ „რუსთავი 2-მა“, ხოლო შემდეგ პროკურატურამ საიდუმლო აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნეს. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანი სამართალდამცველი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის შუამავლისა და მომრიგებლის როლს ითავსებდა. მაღალჩინოსნებს შორის კი ირაკლი შოთაძე და კიდევ ერთი ყოფილი მთავარი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე – აღმოჩნდნენ. ფარცხალაძეს, რომელმაც თანამდებობა სკანდალის ფონზე სულ რაღაც ექვს კვირაში დატოვა, ხშირად ადანაშაულებდნენ შოთაძის მფარველობასა და მასზე არაჯანსაღ გავლენაში.
ოთარ ფარცხალაძემ ყურადღების ცენტრში 2017 მაისშიც მოექცა, როცა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა სახელმწიფო აუდიტის თავმჯდომარე ლაშა თოდრიას.
ციანიდის საქმე
2017 წლის 13 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე შოთაძის საჯარო განცხადებამ ქვეყნის მორწმუნე მოქალაქეებს თავზარი დასცა. პროკურატურამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი გიორგი მამალაძე „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის“ მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა. შოთაძის ცნობით, საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია „ერთ-ერთმა“ მოქალაქემ მიაწოდა, რომელსაც მამალაძემ ნატრიუმის ციანიდის (მომწამლავი ნივთიერება) შეძენის საქმეში დახმარების თხოვნით მიმართა. მთავარი პროკურორის თქმით, მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ეჭვმიტანილი ბერლინში გამგზავრებას ცდილობდა. მაშინ ბერლინში სამკურნალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რამაც საზოგადოების საგრძნობ ნაწილს მამალაძის პოტენციური მსხვერპლის ვინაობის შესახებ გონივრული ეჭვი აღუძრა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურატურამ დააზუსტა, რომ სამიზნე პატრიარქის „გარემოცვიდან ერთ-ერთი პირი“ იყო.
სასამართლო პროცესი საზოგადოებისგან დახურულად წარიმართა, რამაც საქმის გარემოებების შესახებ მრავალი შეკითხვა გააჩინა. ამავე წლის სექტემბერში სასამართლომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს განაჩენი ჯერ მაღალ ინსტანციებში, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) გაასაჩივრეს. საქართველოს სახალხო დამცველმა, ისევე როგორც მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმის მსვლელობა არაერთხელ გააკრიტიკა არასაკმარისი მტკიცებულების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სასამართლოს განაჩენის სუსტი დასაბუთების გამო.
2020 წლის იანვარში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წმინდა სინოდის შუამდგომლობა მამალაძის შეწყალების შესახებ არ დააკმაყოფილა. დღესდღეობით მამალაძე ვადას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.
მუხთარლის საქმე
2017 წლის 30 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ (Amnesty International) საზოგადოებას თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის – გაუჩინარების შესახებ ამცნო. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანში ძალდატანებით გადაიყვანეს, სადაც მას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდაო. “ამნისტიამ“ მუხთარლის გატაცებაში ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამონაწილეობის კვალზე მიუთითა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტის გატაცება „[საქართველოს] სახელმწიფოებრიობისა და სუვერენულობისთვის სერიოზულ გამოწვევად“ შეაფასა. სულ მალე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ფაქტების მოკვლევა დაიწყო. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა, გამოძიებას დაელოდეთ და დასკვნებს წინასწარ ნუ გამოიტანთო.
იმავე წლის ივლისში გამოძიება შსს-დან გენერალურმა პროკურორმა გადაიბარა, რასაც კონტრდაზვერვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.
მას შემდეგ საქმე გაიწელა. 2018 მაისში, გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებმა უამრავი მოწმე დაკითხეს და ფარული ჩანაწერები შეისწავლეს. მიუხედავად ამისა, ხელშესახები მტკიცებულება ხელთ ჯერ კიდევ არ გვაქვსო, თქვა შოთაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, უკვე ზედიზედ ორი წელია, მუხთარლის საქმის გამოძიების მართლზომიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება
ამის გათვალისწინებით, არცაა გასაკვირი, თუ როგორ შეხვდნენ შოთაძის დაბრუნების პერსპექტივას არა-სახელისუფლო წრეებში.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს „ივანიშვილის კარუსელი” უწოდა და დააყოლა, ქართული ოცნება გადამდგარი ჩინოვნიკების აღზევებას აგრძელებსო. გიგი უგულავამ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, შოთაძის ხელახლა არჩევის პერსპექტივა ფარცხალაძის „რეანიმაციას“ გაუტოლა. „[ეს] იმ უკანონობის რესტავრაციაა, რის გამოც საზოგადოებამ შოთაძეს აიძულა გადამდგარიყო-ო“, თქვა უგულავამ.
შოთაძის კანდიდატურას მწყრალად მოეკიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) განაცხადა, რომ ის პირები, რომელთაც „სისტემურ ჩავარდნაში“ ბრალი მიუძღვით, თანამდებობებზე არ უნდა ბრუნდებოდნენ. ორმოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებამ – „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ – კი აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი „პოლიტიკურ კონსენსუსს არ ეფუძნება და არ არის დაცული ერთპარტიული გავლენებისგან“.
ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას საქმის განხილვისას სასამართლო დარბაზში მომხდარი დაპირისპირება იმის მანიშნებელია, რომ შოთაძეს სამსახურეობრივი ბიოგრაფია თავს კიდევ არა ერთხელ შეახსენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)