არასამთავრობოები ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ
18 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TIG), „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო „მეტი ზიანისგან დაცვისთვის“ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
3 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამათავრობო ორგანიზაციები გასული წლის სექტემბერში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დე ფაქტო ხელისუფლების“ მიერ მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელის სრულად ჩაკეტვაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც, მათივე შეფასებით, „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის“.
- ცხინვალი თბილისს „კრიზისის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს და გამშვებ პუნქტებს კეტავს
- ცხინვალმა ახალგორელი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა „აღნიშნულ პუნქტს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად, აგრეთვე ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ყოველდღიურად იყენებს“.
„მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში, საშუალოდ, 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. უცნობია, როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას – როგორც ქართველებს, ისე ოსებს – საფრთხის წინაშე აყენებს“, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები და იქვე დასძენენ, რომ „არაერთი ახალგორელი“ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აკრძალვების დაწესებამდე გადმოვიდა, ადგილზე დარჩენილები კი, „მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის“ პირისპირ აღმოჩნდნენ.
„გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს შეეხო, აგრეთვე, სტუდენტებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. მათ შორისაა, სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე-ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო“, – ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში.
ისინი დეკემბერსა და იანვარში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის „შეზღუდული რაოდენობისთვის“ გადასასვლელით სარგებლობის უფლების მიცემაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „ეს ზომები დროებითი და არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად“.
უფლებადამცველები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ“ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა „ბოლოდროინდელი შეზღუდვის დაწესებამდეც საკმაოდ სავალალო იყო“. მათივე თქმით, „ახალგორის მოსახლეობა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის (აფხაზეთი) მსგავსად, დიდი ხანია განიცდის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას“.
„გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ისინი კი, ვინც შეზღუდვების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე-ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ“, – ამბობენ უფლებადამცველები და ამის ერთ-ერთ მაგალითად ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს – თამარ მეარაყიშვილს ასახელებენ.
ისინი, უკანონო პატიმრობისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზეც მიუთითებენ და განმარტავენ, რომ ამას ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას საქმეებს უკანონო პატიმრობისა და გარდაცვალების შემთხვევებიც ადასტურებს.
- ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- ცხინვალმა დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „აღნიშნული ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებელ ქმედებას მოითხოვს“.
შესაბამისად, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ:
- გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა;
- გამოიყენონ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)