პარლამენტმა კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილ წევრს კარლო კოპალიანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, 5 თებერვალს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. საკითხს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი – წინააღმდეგი იყო.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული თანამდებობა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

კარლო კოპალიანმა უფლებამოსილების შეწყვეტამდე დეპუტატებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და ბოლოს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა პრეცედენტი შევქმნა, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში“, – განაცხადა მან.

კარლო კოპალიანი ბოლო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2016 წელს იგი პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)