„სირცხვილია“ საარჩევნო სისტემის თაობაზე აშშ-ის ელჩს მიმართავს
ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა – „სირცხვილია“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს, საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და სთხოვს, დაარწმუნოს ქართული ოცნება, რომ მან „შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიიღოს“.
„სირცხვილიას“ მიერ 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამიდან“ 93 დღის განმავლობაში, საზოგადოება „სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებასა და პროპორციულ არჩევნებს“ ითხოვდა, რომელსაც „სამუდამოდ უნდა დაემსხვრია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ბარიერი – ერთმმართველობა“.
- პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა
- „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან
- პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა
მოძრაობა იქვე განმარტავს, რომ „სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა გავრილოვის ჩამოსვლით არ დაწყებულა, მას სამოქალაქო საზოგადოება 30 წლის განმავლობაში ითხოვდა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ქართული ოცნება ოპოზიციაში ყოფნის დროს „ჯერ თვითონ ითხოვდა, შემდეგ კი მას მოსახლეობას ჰპირდებოდა“.
„სირცხვილია“ იქვე განმარტავს, რომ 20 ივნისს დაწყებული აქციების მეოთხე დღეს, „სამოქალაქო საზოგადოებამ თითქოს საწადელს მიაღწია, „ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავიდა“ და ქართველ ხალხს და საერთაშორისო პარტნიორებს საარჩევნო სისტემის დაპირება მისცა.
„თუმცა, როდესაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით აშკარა გახდა, რომ ქართული ოცნება პროპორციული არჩევნებით არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეულმა პარლამენტარებმა მათივე პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდეს“, – ვკითხულობთ „სირცხვილიას“ განცხადებაში.
სამოქალაქო მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს და უფრო წარმომადგენლობითს გახდის პარლამენტს, არამედ გახდება მოტივატორი სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩაერთონ პოლიტიკაში, დაადაბლებს პოლარიზაციის ხარისხს და გააჩენს რწმენას, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიების თუ მათი არაფორმალური მმართველების პირადი ინტერესები“.
მოძრობა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე შეტევის, ასევე მათი დაშინებისა მცდელობის მიზნით, დაკავებების „ახალ ტალღაზეც“ მიუთითებს და იქვე დასძენს, რომ ამის პარალელურად, „საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს საინფორმაციო ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
ამასთან, მოძრაობისვე განმარტებით, „ქართული ოცნება საბიუჯეტო რესურსს საკუთარი პარტიის ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს და დაუდეკლარირებელი, შავი ფულით აფინანსებს „ტროლგვერდებს“, რომლებიც სიცრუეს და ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება“.
- Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი გააუქმა
- „ფეისბუქმა“ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 396 გვერდი გააუქმა
შესაბამისად, ისინი კელი დეგნანს სთხოვენ, რომ დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა „ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ“, რისი მიღწევაც, მათივე შეფასებით, „პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია.
საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა თემაზე კონსენსუსი ამ დრომდე მიღწეული არ არის.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)