პოლიტიკოსები და ომბუდსმენი ეუთო/ოდირის მოსაზრებას აფასებენ
საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანოპროექტზე ეუთო/ოდირის მოსაზრებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის, ასევე სახალხო დამცველის გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის გამოხმაურება
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „დასკვნაში არსად წერია ის, რომ მათ მიერ [ოპოზიციის] გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ. „copy/paste-ით“ ეს ფრაზა ამოიღოს და წინ დაგვიდოს – ამგვარი არ არსებობს. პირიქით, დასკვნაში წერია ის რასაც ჩვენ და აქ დავარღვევ მე შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო [ოპოზიციასთან] მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემ მიერ ნათქვამი – როდესაც ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას [ოპოზიციის შეთავაზებას] ქვა-ქვაზე არ დარჩება… ოდირში-ში გავაგზავნით ჩვენს პროექტს – მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონპროექტის კონსტიტუციურობას. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბოკერიას [ოპოზიციას], რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად და ძალიან სამარცხვინოა, რომ ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ, ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელია შესაბამისი ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის… სამწუხაროდ, ოპოზიციამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც გააგზავნინა ოდირში ეს თავისი პროექტი“.
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „ქვეყანაში როდესაც გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით, არის ძალიან არაკომპეტენტური, რადგან მათ მიუთითეს, რომ ამ თემას ჩვენ ვერ განვიხილავთ და ვერ განვსჯით. ეს, ზოგადად, არის ძალიან უხერხული. ასევე, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს მათ სახალხო დამცველი, რომელსაც გააგზავნინეს ეუთო/ოდირში კონსტიტუციურობის შესამოწმებლად ეს დასკვნა… და პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ არ განიხილავს ოდირი კონსტიტუციურობას და [მან] სხვა საკითხებთან დაკავშირებით ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს… სხვა გზაც არ რჩება, ჩვენ შეუთანხმლებლობის პირობებში უკვე გვიწევს ჩავატაროთ არჩევნები იმ პირობებში რაც დღეს გვაქვს ანუ 77/73-ზე“.
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან – ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით – ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და მეორე, მათ ისიც კი არ იციან თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა… ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როსესაც ეს პროექტი გააგზავნინა… ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო… ბოლო დროს ტყუილშიც არიან უნიათოები…რეალურად ორი მესიჯი იკვეთება ასევე ოდირის დასკვნიდან – ერთი რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, მათ შორის, მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები… ასევე, არის მინიშნება იმაზე, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს“.
ოპოზიციის გამოხმაურება
გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ამ დოკუმენტში არის ორი მთავარი პუნქტი, პირველი პუნქტი – პროპორციული არჩევნები და გერმანული მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის დაახლოებული პროპორციულ არჩევნებთან, საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, რომ ეწინააღმდეგებოდეს ეუთო შესაბამის დასკვნას გამოიტანდა… მეორე, მნიშვნელოვანი მომენტი ამ დოკუმენტში არის ის, რომ ეუთო ცალსახად სთხოვს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას მიიღოს ის მოდელი საარჩევნო, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე. კონსემსუსი კი დღეს საქართველოს მოქალაქეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მთლიანად ოპოზიციურ ფრონტში არის ერთი – მოგვეცით საშუალება პროპორციული სისტემით ჩავატაროთ არჩევნები“.
ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „ცალსახად მინდა აღვნიშნო, როდესაც კონსტიტუციასთან პრობლემა აქვს გაგზავნილ პროექტს, ეუთო/ოდირი მიუთითებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატში მართლაც არ ჯდება მთლიანობაში კონსტიტუციურობის შეფასება. ეს ბუნებრივია, [რადგან] საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ მიუთითებენ ხოლმე, როდესაც კონსტიტუციასთან რაიმე პრობლემა არის. მაგალითად , ასე გააკეთეს მოლდოვის შემთხვევაში, სადაც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაფასებელი არ არის კონსტიტუციურობის საკითხი, მაინც მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციასთან არის პრობლემა. ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემა არ იყო და ამიტომ არ გვაქვს ამგვარი ჩანაწერი და რა ჩანაწერებიც გვაქვს არის ის, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემაა ჩვენი მოდელი და რომ ამ მოდელის ცვლილებას სჭირდება ორგანული კანონის ცვლილება. შესაბამისად, ამით, ჩემი აზრით, ყველა ობიექტურ დამკვირვებელს უნდა გაუქრეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა წინააღმდეგობაში ჩვენი მოდელი კონსტიტუციასთან“.
დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არცერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით… ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი მოდელის სისწორე, გამოსავლად მისი გამოყენების შესაძლებლობა და ხელისუფლებას, კიდევ მაქვს მცირე იმედი, რომ ეყოფა კეთილგონიერება, შეისმენს ეუთოს დასკვნასაც, ჩვენს მოთხოვნასაც, საზოგადოების მოთხოვნასაც, გაიხსენებს საკუთარ დაპირებასაც და გადავდგამთ ნაბიჯს სწორი მიმართულებით“.
გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო: „ექვსი რეკომენდაცი[იდან], რომელიც გასცა ეუთო/ოდირმა, არცერთი არ შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ ოპოზიცია მზად ვართ ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ იმ პროექტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. საკითხი ძალიან მარტივია- უნდათ მათ გადაწყვეტა ამ კრიზისული სიტუაციის, თუ არ უნდათ“.
სახალხო დამცველის კომენტარი
ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი: „ვფიქრობ, რომ ჩვენ [სახალხო დამცველის ოფისმა], მანდატიდან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური როლი ვითამაშეთ. ფაქტია, რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღებული დასკვნით და იყენებენ მათი არგუმენტების გასამყარებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ჩართულობით ნამდვილად დავდეთ პოზიტიური პროექტი და შედეგი. ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური შეფასება გააკეთონ. მედიასთანაც გავაკეთე არაერთგზის განმარტება და ოპოზიციისთვისაც მაქვს ნათქვამი, რომ დიდი ალბათობით, კონსტიტუციურია თუ არა კანონის პროექტი, ამაზე არ იმსჯელებდა, მაგრამ შესაძლებელი იყო ირიბად ამ საკითხსაც შეხებოდა, თუმცა როგორც ნახეთ, ოდირმა საერთოდ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს არანაირი ფორმით არ შეხებოდა… ეუთო/ოდირმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, როდესაც მან თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა რა ტიპის საარჩევნო სისტემას აირჩევს [და რომ] საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შერჩეული ფართო, ინკლუზიური დებატის და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე და ეს ნამდვილად წარმოადგენს მოთხოვნას და საერთაშორისო სტანდარტს და, შესაბამისად, მათი ძირითადი რეკომენდაციაც არის ის, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსის და ჩართულობის შედეგად“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)