სახელმწიფო ინსპექტორი არასრულწლოვნის თვითმკვლელობის საქმეში დამატებით გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გასული წლის დეკემბერში მომხდარი არასრულწლოვნის თვითმკვლელობის საქმეში გამოვლენილ დამატებით გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. უწყებამ შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა სამართალდამცველებისა და „მწვანე სკოლის“ მიერ ჩადენილ დარღვევებზე. 

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 7 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლის გამოძიებაც უწყებამ 12 დეკემბერს დაიწყო, „400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ ჩატარდა. სამსაუხრის განმარტებით, გამოძიების შედეგად, ისეთი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან ერთად, შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზეც მიუთითებს.

„კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით, უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, უწყებამ აღნიშნული პირების მიმართ შესაძლო დისციპლინური საკითხის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისვე განმარტებით, უწყებამ საქალაქო სასამართლოს მარიანა ჩოლოიანის საქმეც გადაუგზავნა.

ინსპექტორი გამოძიების ფარგლებში, „მწვანე სკოლის“ შემოწმების შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შემოწმების შედეგად, „სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, ამასთან ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში“.

„ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება“, – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

შესაბამისად, უწყების განმარტებით, მწვანე სკოლას პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება), 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) და 48-ე (ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა) მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

სახელმწიფო ინსპექტორი „მწვანე სკოლის“ მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის პარალელურად, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზეც მიუთითებს.

კერძოდ, ინსპექტორის განმარტებით, „სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი. [ამასთან] ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, „სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, უწყებამ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე მიმართა.

ამბის წინაისტორია

გასული წლის 12 დეკემბერს 15 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და იგი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარიდან მალევე, მედიის საშუალებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობას წინ პოლიციაში მისი დაკითხვა უძღოდა. მედიისვე ცნობით, დედა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში შვილის დაკითხვას ესწრებოდა, ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის აღიარებისათვის მასზე პოლიციაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ.

შსს მოზარდის მიმართ ზეწოლას უარყოფდა და ამბობდა, რომ არასრულწლოვნის დაკითხვისას შესაბამისი პროცედურები დაცული იყო და მოზარდი ორივეჯერ დედის თანხლებით დაკითხეს.

მას შემდეგ კი, რაც 17 დეკემბერს მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე მოზარდის საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა.

დაკავებულ გამომძიებელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)