ეთნიკურად ქართველი სკოლის დირექტორების გათავისუფლების ფონზე, თბილისი ოკუპირებულ ახალგორში „რუსიფიკაციის“ პროცესზე საუბრობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის რეგიონში ორი, ეთნიკურად ქართველი სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორის ნინო ამირანაშვილისა და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორის მზია ფსუტურის გათავისუფლება „კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის, საგანმანათლებლო სისტემაში“.
ევროკავშირის სპეც. წარმომადგენელი კლაარი: ცხინვალის გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას
ციხელაშვილი: თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის გაფართოებისთვის მზადაა
„ზოგადად, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ როგორც გალში, ისე ახალგორში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და საუბედუროდ, თანდათან უფრო მძიმდება იქ მდგომარეობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაგრძელებაა, რომელთა ნაწილმაც ოკუპირებული რეგიონი უკვე დატოვა. „ეს არის არა მხოლოდ შეზღუდვები უშუალოდ ქართული ენის სწავლებასთან და ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით, არამედ სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული მოქმედებები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, იგი ამ საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მომავალ შეხვედრაზე დააყენებს. შეხვედრა თბილისში მომდევნო კვირას გაიმართება.
უფლებადამცველი ორგანიზაცია გამყოფ ხაზებზე ადამიანის უფლებების „მასობრივი დარღვევების“ შესახებ
ციხელაშვილი აფხაზეთსა და ცხინვალში ბავშვთა უფლებებზე საუბრობს
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, „რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს“.
გარდა ამისა, გასული წლის სექტემბრიდან გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩება და მათ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საშუალება არ ეძლევათ.
ქეთევან ციხელაშვილმა 2018 წლის ბოლოს განაცხადა, რომ 1990-იან წლებამდე გალის რაიონში 58 სკოლა იყო, მათ შორის, 52 ქართული, 2 რუსული, 3 ქართულ-რუსული და 1 ქართულ-აფხაზური. გალში 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. 2015 წელს კი – დარჩენილი 11 ქართული სკოლაც გაუქმდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს განაცხადა, რომ იმ 11 სკოლის სასწავლო პროგრამაში, რომლებიც ადრე მთლიანად ქართული სკოლები იყო, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 1-4 კლასებში რუსული ენის სწავლება შემოიღეს, მოგვიანებით კი – სწავლება მთლიანად რუსულენოვანი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)